LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს მხოლოდ დასაწყისია.. სულ დამყვება ფიქრი, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია“ – კიდევ ერთი ქართველი სტუდენტის წარმატება

953
Untitled design (1)

სტრასბურგის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი ალექსანდრე ფიფია, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

ალექსანდრემ ახლახან სტრასბურგის უნივერსიტეტის დიპლომი მიიღო, რომლის ფოტოსაც უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, უცხო ქვეყანაში ცხოვრების სირთულეებზე ჰყვება.

20 წლის ალექსანდრე უკვე მესამე წელია საფრანგეთში ცხოვრობს.

2020 წელს, ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, საერთაშორისო სამართლის მიმართულებაზე ჩაირიცხა. ფრანგული ენის დიპლომის აღების შემდეგ კი, სტრასბურგის უნივერსიტეტში, სამართლის პოლიტიკური მეცნიერების და მართვის ფაკულტეტზე, სოციალური და ეკონომიკური ადმინისტრირების მიმართულებით განაგრძობს სწავლას.

როგორც ალექსანდრე „ფორტუნას“ უყვება, საქართველოში დაბრუნებას აუცილებლად აპირებს. მანამდე, სწავლის პარალელურად, სამშობლოს ზაფხულობით, მცირე ხნით სტუმრობს ხოლმე. 

ალექსანდრე ფიფიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი დრო არ არის, რაც საქართველოში არ ვარ და საფრანგეთში ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. რამდენ რამეს და ვინმეს ჩავეჭიდე, რომ არ მინდოდა და ვერ დამითმია, მაგრამ ასეთი აღმოჩნდა არჩევანი, რომ იმ მომავლისთვის, რომელიც მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ბევრი რამე აღმოჩნდა დასატოვებელი და დასათმობი.

თუნდაც ქართულად იმდენს ვერ ვკითხულობ, როგორც ადრე და ეს ნელ-ნელა საუბარშიც მეტყობა, ქართულად მაინც ვწერ და ვიცი, მომავლისთვის მაპატიებს ჩემი სამშობლო.

ისინი, ვინც ბედის უკუღმართობით ჩვენი მიწიდან შორს აღმოვჩნდით, ხშირად ნაკლებ ქართველებად ვართ მოხსენიებული, ვისაც არ გამოუცდია, რთულია გაიგოს, რას ნიშნავს შენი ხალხისგან შორს ყოფნა… შენისგან შორს ყოფნა. თუმცა კი სამშობლოსგან შორს ვართ, ყველას ჩვენს კუთხე-კუნჭულში გვიცემს გული.

საფრანგეთმა ბევრ ქართველს მისცა შანსი, დაეწყო ახალი ცხოვრება, მადლობა ამისთვის, ჩემი ერთადერთი მიღწევა კი ამ შანსის გამოყენებაა, ეგეთი ქვეყანაა, ისე მოგხედავს, როგორც საკუთარს და მიგიღებს, როგორც ახლოს.

მიუხედავად იმისა, რომ შეეძლოთ არც ეხსენებინათ, ჩემი სახელის და დაბადების თარიღის გვერდით დიდი ასოებით წერია <<ზუგდიდი, საქართველო>>.

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და რადგან ეს ევროპაა. კიდევ ბევრგან დაეწერება დიდი ასოებით ჩემთვის ასე ძვირფასი ეს ორი სიტყვა.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთი ქართველი ვიყავი და ყველა ჩემს კურსელს ჰყავდა გვერდით თანამემამულე, არავისზე ნაკლები არ ვყოფილვარ და ორწლიანი პროგრამაც წელიწადში დავძლიე, ჩხოუშია შეიძლება პატარა მდინარეა, მაგრამ რადგან ასე მერგო, რაინზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ეს არის ევროპა და ყოველდღე და ყველგან, ლექციაზე თუ ქუჩაში სეირნობისას სულ დამყვება ფიქრი, რომ ეს ჩვენც შეგვიძლია.

მე დარწმუნებული ვარ, როგორც საფრანგეთმა მიიღო ჩემი ქართველობა და ზუგდიდელობა, ისევე მიიღებს ევროპა მთელს საქართველოს.

P.S. ფრანგული ბიუროკრატიის წყალობით დიპლომს თითქმის იმდენი ხანი ველოდი, რამდენიც ვსწავლობდი, მაგრამ არაუშავს“, – წერს ალექსანდრე ფიფია სოციალურ ქსელში.

 

დიდი დრო არ არის რაც საქართველოში არ ვარ და საფრანგეთში ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. რამდენ რამეს და ვინმეს…

Posted by ალექსანდრე ფიფია on ხუთშაბათი, 27 აპრილი, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g