„პაციენტი როდესაც ტოვებს კლინიკას და სადღაც მიდის, მე ვალდებული ვარ გავწერო. სანამ შენს იურისდიქციაშია, შენ ხარ პასუხისმგებელი მის ყველაფერზე. შენს ტერიტორიას რომ ტოვებს, მასზე პასუხს აღარ აგებ“, — ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოთქმულ სურვილს სასამართლო პროცესზე ჩართვასთან დაკავშირებით.
ნინო ნადირაძის თქმით, ექსპრეზიდენტს შეუძლია პროცესში ონლაინ ჩაერთოს.
„ტექნიკურად, როდესაც ტოვებს ტერიტორიას, უნდა დავხურო ისტორია. თუ არა და უნდა ჩაერთოს კლინიკიდან. თუმცა, როდესაც იყო სასამართლო პროცესებში მის მონაწილეობაზე საუბარი, ჩვენ მაშინ შავი დღე დაგვაყარეს“, – განაცხადა ნადირაძემ.
7 ნოემბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. არსებული ინფორმაციით, მიზეზი მოსამართლეთა კოლეგიიდან ერთ-ერთის არ ყოფნა გახდა.
უცნობია, თუ როდის ჩატარდება შემდეგი სხდომა.
ექსპრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრების სურვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამოთქვა.
„აბა ვნახოთ თუ გაბედავენ ხვალ „სასამართლოზე” ჩემს ჩართვას” – მიხეილ სააკაშვილი