რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (ТПП) 19 ივნისს რუსეთ-საქართველოს საბჭოს სხდომა გაიმართა. ორგანიზაციის ვებგვერდის თანახმად, სხდომაზე ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკური, სადაზღვევო და ტვირთების ტრანზიტის თემები განიხილეს.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ დამსწრეებს რეაბილიტირებული და გაუმჯობესებული „ზემო ლარსის“ სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ აცნობა, რომელიც, მისი თქმით, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას. მისი თქმით, „მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები იყო საჭირო“.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოდან სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხიც განიხილეს. მხარეებმა ასევე წარადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობაზე ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის თაობაზე ისაუბრა.
რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ხელმძღვანელად აირჩიეს კომპანია „ИК Румб-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში ის საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და კახეთში ღვინის ქარხნები მოინახულა.
