პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს:
„ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.
ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია პრეზიდენტის „ტვიტში“.
Monitoring closely the events unfolding in #Russia.
Our border has to be tightly controlled in view of possible new waves of migration.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 24, 2023
ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.
რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით კი ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მოგვიანებით, საზოგადოებას პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა, მან განვითარებული მოვლენები „სამხედრო ამბოხად“ შეაფასა და თქვა, რომ „სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებს“.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინს და მის მომხრეებს დანებებისკენ მოუწოდა, ვაგნერის მეთაურმა კი განაცხადა, რომ „ჩაბარებას არავინ აპირებს“.
„ჩვენ სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ. არ გვინდა, ქვეყანამ კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში იცხოვროს“, – ამბობს პრიგოჟინი.
ამავე თემაზე: