LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი რატომ მოხდა, გაუგებარია, არავინ იყო წინააღმდეგი, რომ პოლონელ ექიმებს ნიმუში ოფიციალურად აეღოთ – ზურაბ ჩხაიძე

581
ფორტუნა (100)

ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მათი მხრიდან მოხდა , – ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.

 

რად უნდოდათ, სამეცნიერო თუ ოკულტური მიზნებისთვის, ვერ გეტყვით - ნინო ნადირაძე პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე

ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

 

როგორც ჩხაიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, მისთვის გაუგებარია, თუ რა იყო აღნიშნული ინციდენტის მიზანი.

„არ შემიძლია, კონკრეტულად რამე გიპასუხოთ ამ კითხვაზე. შემიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ფაქტი, რომ სამწუხაროდ, იყო ასეთი ინციდენტი, იყო რაღაც მცდელობა ნიმუშების გატანის. ამაზე ალბათ, პენიტენციური დაწესებულება გააკეთებს უფრო ვრცელ განცხადებას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, თუკი, ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს, ჩხაიძემ ასე უპასუხა:

„შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, 8 საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით მოხდა ნიმუშების აღება, ეს ფაქტი არ მინახავს. როცა უკვე გავიგეთ, რომ მათთვის საინტერესო იყო და ნიმუშების აღება აინტერესებდათ, ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, ალბათ, პენიტენციური სამსახური მოგაწვდით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

კითხვაზე, თუ რა სახის ნიმუშები აიღეს კვლევისათვის, „ვივა მედის“ დირექტორი განმარტავს, რომ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და წარბის ნიმუში, რაც ლეგალურად იქნა აღებული.

„პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული, კონვერტში მოთავსებული და ხელწერებით იქნა გამზადებული, რომელიც მათ შემდეგში, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ. იქამდე თუ ჰქონდათ ამის არალეგალურად გაკეთების მცდელობა, მიზანი რა იყო, ჩემთვის ეს გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე განმარტებით, პოლონელ ექიმებთან შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო.

„ჩვენთან, კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები, ძალიან საქმიანი, ძალიან საგნობრივი შეხვედრა გვქონდა პოლონელ კოლეგებთან, ერთობლივად განვიხილეთ ჩვენ მკურნალ ექიმებთან, მათთან ერთად პაციენტის ავადმყოფობის ისტორია, ნანახი იქნა ყველა ის ლაბორატორიული, თუ ინსტრუმენტული კვლევის შედეგები, რომელიც პაციენტს ჩატარებული აქვს, მათ ნახეს და გასინჯეს პაციენტი. მსჯელობა გვქონდა მკურნალობის შემდეგი ტაქტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ შეხვედრით, რადგან ეს იყო ნამდვილად საქმიანი, ნამდვილად კოლეგიალური შეხვედრა. მათ დამატებითი რაიმე ინსტრუმენტული კვლევის ჩატარება საჭიროდ არ ჩაუთვლიათ. ერთადერთი, გასცეს რეკომენდაცია გარკვეულ პროცედურაზე, გარკვეულ კვლევაზე, რომელიც ჩვენ ადრეც გვქონდა პაციენტისთვის შეთავაზებული“, – განაცხადა ჩხაიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას და კადრებს ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“ 

ბრეგაძე პენიტენციურის კადრებზე: „მივმართავ საგარეო საქმეთა მინისტრს, მოისმინოს პოლონეთის საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g