რა ძალა აქვს კომპლიმენტებს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოთერაპევტმა ლალი ბადრიძემ ისაუბრა.
რა არის კომპლიმენტი?
კომპლიმენტი არის გულწრფელი დამოკიდებულება, როცა არ არის გულწრფელი ამას ადამიანი გრძნობს. ბავშვობაში ჩვენს თაობებს ასწავლეს, როცა ძალიან გაქებენ, უხერხულია და ამიტომ გარკვეულ თაობაში უჭირთ კომპლიმენტების მიღება. დედაჩემი არასდროს გვაქებდა, არ იყო მიღებული ქება. თუმცა ახალ თაობაში პირიქით, ადვილად იღებენ კომპლიმენტს.
თვითშეფასებას აქვს მნიშვნელობა?
უმეტეს შემთხვევაში კომპლიმენტის დროს ადამიანები მიიჩნევენ, რომ არ არიან საუკეთესო ფორმაში. კომპლიმენტების მიუღებლობა შეიძლება თვითშეფასებასაც ეხებოდეს. არ უნდა შევეხოთ ადამიანის ძალიან პირად თემას და კომპლიმენტით უხერხულობა არ უნდა მოვუტანოთ. მაგალითად, სპიკერი, რომელმაც მთელი გული და ენერგია ჩადო სიტყვის მომზადებაში, როცა იღებს შეფასებას, რომ ის კარგად გამოიყურებოდა, ეს ერთგვარი ირონიაც არის, რადგან აქცენტი გაკეთდა მის ვიზუალზე და არა შრომაზე.

კომპლიმენტის თქმა სწავლებადია?
ჩვენ ხშირად შენიშვნებს უფრო მეტს ვეუბნებით ადამიანებს, ვიდრე კომპლიმენტს. კომპლიმენტის თქმა სწავლებადია. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და მივხვდეთ, რა მოგვწონს და საკუთარ თავსაც ვუთხრათ კომპლიმენტი.