იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით წარმოება დაწყებულია.
სამინისტროს ცნობით, დასკვნა უმოკლეს ვადაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.