LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ

211
ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში შესაბამის ცვლილებაზე ხელს მოწერასა და ყოფილი გენერალური პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის მოხსნას მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.

აღნიშნული საკითხზე კომენტარი საბანკო სექტორშიც გაკეთდა.

თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების დაცვას გეგმავენ.

„ვრჩებით საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში. ყველა ოპერაციას საერთაშორისო სანქციების მიხედვით ვახორციელებდით და განვახორციელებთ“, – აცხადებენ თიბისი ბანკში, სადაც, ასევე, განმარტავენ, რომ ბანკი სანქცირების საფრთხის წინაშე არ დგას.

აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციების შესაბამისობაში დარჩენას გეგმავენ საქართველოს ბანკშიც.

ჰქონდა თუ არა, ოთარ ფარცხალაძეს მათთან საბანკო ანგარიშები, თიბისი ბანკი და საქართველოს ბანკი ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

ეროვნული ბანკის პირვანდელი განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, შეეზღუდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა გუშინ ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილებას წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის კომენტარი – ქართული ოცნების თავმჯდომარემ არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ეროვნული ბანკის ბოლო განცხადებით, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.