ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილი გასაიდუმლოებული იყო. ჯვრისწერა სამთავროს დედათა მონასტერში გაიმართა, წვეულება კი მთაწმინდაზე, რომელსაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები და ბავშვობის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. სტუმრებს ეკრძალებოდათ ფოტოების გამოქვეყნება, თუმცა ჯვრისწერაზე და საქორწილო წვეულებაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.
მკაცრად გასაიდუმლოებული იყო მათი ნიშნობაც მედიასთან დისტანცირებაში ნაპოლის მოთამაშეს და მის რჩეულს ხელს კლუბის კონტრაქტის პირობებიც უწყობს, რომლის თანახმადაც მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ.
ქორწილის ექსკლუზიური დეტალები „რუსთავი 2-“მა გაარკვია.
15 ოქტომბრის თამაშის პარალელურად ფეხბურთელი, თურმე მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისთვის, მაქსიმალურად კონსპირაციულად ემზადებოდა.
მან შეძლო და ქორწილი ქორწილამდე საიდუმლოდ შეინახა. ხვიჩა კვარაცხელიამ პომპეზურობა არ მოინდომა, მისმა ქორწილმა – ვარსკვლავური ქორწილის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია, მათ შორის მოლოდინი, რომ ქორწილი მაინც და მაინც შაბათს ან კვირას გაიმართებოდა – ფეხბურთელმა ჯვარი ორშაბათს დაიწერა.
ამბავმა “ურჩი” სტუმრებისგან გაჟონა, რომლებმაც ე.წ. “გაუთქმელობა” დაარღვიეს და ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს.
ნეფე – პატარძალმა ჯვრის დაწერა ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაწყვიტა. სანამ სამოსის შემქმნელები იმას გაიგებდნენ ვისთვის უნდა შეეკერათ კაბა და ჩოხა-ახალუხი, მოსამზადებლად გაცილებით დიდი დრო მოითხოვეს, ვიდრე ქორწილამდე იყო დარჩენილი. საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელიას სახელმა გაჭრა.
წყვილმა ჯვარი მცხეთაში სამთავროს მონასტერში დაიწერა, ჯვრისწერის რიტუალი მამა ილიამ ჩაატარა, მეჯვარეებად ჰყავდათ ბავშვობის მეგობრები – ხვიჩას 2, ნიცას კი 1. ცერემონიის შემდეგ ტაძრიდან გამოსულები ჩოხოსნების თაღში გაატარეს. შემდეგ დედებმა დალოცეს. მცხეთიდან წყვილი ძალიან მწირი მაყარით, ფუნიკულიორზე ავიდა.
თავის ნიცაზე იქორწინა – რას წერს იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას ჯვრისწერაზე
რესტორანში საგანგებოდ არ უმუშავიათ დიზაინერებს, მოკრძალებულობა აქაც გამოიჩინეს და დასჯერდნენ იმას, რაც დაახვედრეს. 150 კაციან დარბაზში ქართული ტრადიციული სუფრა მხოლოდ 60 კაცზე გაიშალა, იყვნენ მარტო ოჯახის წევრები და მეჯვარეები.
მინიმალისტური იყო საქორწინო ტორტიც. ის წყვილს თავად არ შეურჩევია. ქორწილის მთავარი ნუგბარი საჩუქარი იყო. ვიზუალურად ერთ სართულიანი, თეთრი კრემის – ბროწეულებით გაფორმებული, შიგთავსი წითელი ველვეტი. ტორტი ტრადიციული ფორმატით გაიჭრა და პირველი ნაჭერი სიძის სახეზე აღმოჩნდა. ნიცამ მეგობრებთან ერთად იცეკვა – ხვიჩამ იმღერა. თამადა ოჯახის მოძღვარი იყო.
ქართულის პარალელურად, იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავის ქორწილის შესახებ ალაპარაკდა საერთაშორისო მედიაც.
ქორწილის შემდეგ წყვილი იტალიაში გაფრინდა. ასე აარიდეს მათ თავი ქართულ მედიას, მაგრამ არა იტალიურ ტაბლოიდებს, რომლებმაც გაავრცელეს ფოტოები, სად იცხოვრებს რჩეულთან ერთად ახალდაქორწინებული ფეხბურთელი. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ბაზიდან – ნაპოლის ზღვის ხედით, ახალ სახლში გადავიდა.