LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: „როცა პარტნიორებს ვესაუბრები, ჩემი შეკითხვაა, როგორ წარმოუდგენიათ, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ენმ-ს პრემიერობის კანდიდატად სურს, იყოს ციხეში, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ?“

156
ლევან ხაბეიშვილი

„23 (ნოემბერი) ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, „ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ“:

„ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი იმ პირობებში, როცა ჩემს პირადზე კი არა, პარტიას აზიანებენ და არასდროს არ წყვეტენ. ამიტომ მე ვალდებული ვარ, ამ ხალხის ნებაც აღვასრულო.

ამიტომ, 23 ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ჩვენთვის, ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. გვაქვს კონკრეტული გეგმა“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

წამყვანის დასმულ კითხვაზე, გაიგებს თუ არა მოსახლეობა 23 ნოემბერს რაიმე სიახლეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ, კერძოდ, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ჩაერთვება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი საარჩევნო პროცესში, ენმ-ის თავმჯდომარემ უპასუხა:

„ამომრჩევლების დიდი უმრავლესობისთვის სასურველია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს მიხეილ სააკაშვილი. ასეა, შევთანხმდეთ, ასეა. „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობას სურს, რომ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად იხილოს..

ჩემი შეკითხვა, როცა პარტნიორებს ვესაუბრები, მდგომარეობს ამაში – როგორ წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობას სურს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, იყოს ციხეში, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩავატაროთ?“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და დაამატა, რომ პარტია „ხელების ჩამოშვებას“ არ აპირებს.

„არც ერთ შემთხვევაში – ექნება პრეზიდენტ სააკაშვილს ამის შესაძლებლობა და ხალხთან ურთიერთობის შესაძლებლობა თუ მოუწევს, მაგალითად, ტყვეობიდან საარჩევნო კამპანიაში რაიმე სახით, ფორმით ჩართვა და მონაწილეობა.

იქნება ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პირობითად ციხიდან, იქნება კოალიციის მთავარი ლიდერი, ეს გადაწყვეტილებები იქნება უახლოეს პერიოდში მიღებული…

23 ნოემბერს უნდა დაველოდოთ, ყველაფერი, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გაიგებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველიც, ხალხიც“. – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g