Forbes Georgia ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მქონე ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს. მონაცემთა წყაროდ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებია გამოყენებული, რომელმაც ქვეყნების ეკონომიკური ზრდის 2023 წლის პროგნოზი ერთ თვის წინ განაახლა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია ეკონომიკურ ზრდა, ვიდრე მდიდარ ქვეყანაში, რადგან ეს გამოუყენებელი რესურსების, დაბალი შიდა კონკურენციისა და კაპიტალზე შედარებით მაღალი სარგებლიანობის გამო ხდება.
კვლევის მიხედვით ქვეყანა, რომელიც 2023 წლის ბოლოსთვის თავს ეკონომიკის 38%-იანი ზრდით მოიწონებს, გაიანაა. ამ ქვეყანაში 2015 წელს ნავთობის საბადოები აღმოაჩინეს და ეკონომიკურმა ბუმმაც არ დაახანა. 2015 წლიდან 2023 წლამდე გაიანის ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. სავალუტო ფონდი 2024 წლისთვის გაიანის ეკონომიკის 27%-ით ზრდას პროგნოზირებს, მომავალ 5 წელიწადში კი მაჩვენებლის გაორმაგებას ელოდება. გაიანა ერთ მოსახლეზე შემოსავლით მსოფლიოში უკვე 23-ე ადგილზეა და გადაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, იაპონია, ფინეთი და სხვა. გაიანა დღიურად ნახევარ მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, რაც წლიურ 15 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ნიშნავს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც გაიანაა (მოსახლეობით საქართველოზე 4-ჯერ პატარა) ეს ძალიან მაღალი შემოსავალია.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ: ლიბია, მალდივის კუნძულები, სამოა, ფიჯი, სომხეთი, მოზამბიკი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტაჯიკეთი და ინდოეთი.