LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაბუს არ უნდოდა, რომ მე და ჩემი და მსახიობები ვყოფილიყავით. მართალია, მოახერხა და ჩემს დას გადააფიქრებინა, მაგრამ მე ვერ მომერია” – რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი რამაზ ჩხიკვაძე „არტ-FM“-ში

190
რამაზ-ჩხიკვაძე

13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ცნობილი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის შვილიშვილი რამაზ ჩხიკვაძე სტუმრობდა, რომელმაც 18 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ საღამოზე „რამაზ ჩხიკვაძე 95“-ზე ისაუბრა.

 

სამზადისი საღამოსთვის

მართალია, რამდენიმე თვე ვემზადებოდით, მაგრამ ბევრს მაინც ვერაფერს ვიტყვი, რადგან სიურპრიზი გვინდა შევთავაზოთ მაყურებელს. მიხარია, რომ ძალიან სწრაფად და რეკლამის გარეშე გაიყიდა ბილეთები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს უზარმაზარ ინტერესს ჩვენი კონცერტის მიმართ. ალბათ, ბევრს დაწყდება გული, ვინც ვერ შეძლებს საღამოზე დასწრებას, ამიტომ მოგვიანებით კიდევ ერთი კონცერტის მოწყობას ვგეგმავთ სპეციალურად მათთვის. ამასთანავე, აუცილებლად იქნება ტელეგადაღება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემა და ყველას მიეცემა ჩვენი კონცერტის ნახვის საშუალება. ჩვეულებრივ, საიუბილეო საღამოებს ერთი ფორმა, სახე აქვს და ყველა ერთმანეთს ჰგავს, ამიტომ ყოველთვის რთულია ახლის მოფიქრება, თუმცა, მე და გვანცა მეფარიშვილმა, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობს კონცერტის რეჟისურაზე, მაინც შევძელით იდეების შეჯერება და განსხვავებული კონცეფციის მოფიქრება.

საიუბილეო კონცერტის მოწყობა მე და მამამ გადავწყვიტეთ ქალბატონ ნელი შენგელაიასთან ერთად. მოგვიანებით ჩანაფიქრი ნიკა წულუკიძეს გავუზიარეთ და  ერთად შევუდექით მუშაობას. ვფიქრობ, საინტერესო და სანახაობრივი, რაც მთავარია სიურპრიზებით სავსე საღამო გამოგვივა. ყველა კარგად იცნობს ნიკას და მისი თხრობის უნიკალურ ნიჭს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება ჩვენი კონცერტით.

საღამოს მთავარი მიზანი რამაზ ჩხიკვაძის გახსენება, ახალგაზრდა თაობისთვის კი, მისი გაცნობაა. მხატვრისგან ან კომპოზიტორისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს გარკვეული ფორმით უტოვებენ შემდეგი თაობებს, მსახიობის ნამუშევარი  დროთა განმავლობაში იკარგება, რადგან დღეს თითქმის არავის აინტერესებს, ბევრი კი, საერთოდ არ იცნობს ქართულ კინოს და ძველ ფილმებს.

ბაბუ – საუკეთესო მეგობარი

საღამოსთვის მზადების პერიოდში ბევრი ძველი ისტორია გავიხსენე და სხვანაირად შევაფასე, შეიცვალა ბაბუს მიმართ დამოკიდებულებაც, რადგან ბავშვობაში, როცა მხოლოდ ვერთობოდი მასთან ერთად, ნაკლებად ვაცნობიერებდი, რამდენად მასშტაბურ პიროვნებასთან ვურთიერთობდი. მართალია, ვიცოდი, რომ მსახიობი იყო, მაგრამ მე ჩეხეთში დავიბადე, გავიზარდე და წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა საქართველოში, როგორ ძალიან უყვარდა ბაბუ ხალხს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა, საინტერესო იყო მასთან მეგობრობა, რადგან ხან ნარდის და ბანქოს, ხან პიანინოზე დაკვრას მასწავლიდა, ბევრს ვსეირნობდით და ვთამაშობდით, თუმცა გული მწყდება, რომ ნაკლებად ვუსმენდი და მისი არაჩვეულებრივი იუმორიც ნაკლებად მესმოდა იმ ასაკში.

სხვათა შორის, ბაბუს არ უნდოდა, რომ მე და ჩემი და მსახიობები ვყოფილიყავით. მართალია, მოახერხა და ჩემს დას გადააფიქრებინა, მაგრამ მე ვერ მომერია. ჩეხეთში, სამსახიობო სკოლაში სწავლისას ერთ-ერთ როლზე მომიწია მუშაობა, რომელსაც რა თქმა უნდა, ჩეხურად ვსწავლობდი. მართალია, ბაბუმ საერთოდ არ იცოდა ჩეხური, მაგრამ მაინც  სწრაფად მიხვდა ყველაფერს და მანვე მამეცადინა, ყველა სცენა ჩემთან ერთად გაიარა დეტალურად.

კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, ბაბუს თურქ მეგობარზე, რომელმაც თურქულის მეტი არცერთი ენა არ იცოდა, ბაბუ კი, მხოლოდ ქართულად და რუსულად ლაპარაკობდა. არ ვიცი როგორ ახერხებდნენ, მაგრამ ძალიან ხშირად და დიდხანს საუბრობდნენ ტელეფონით ყველანაირი თარჯიმნის გარეშე. ბაბუ ქართულად ელაპარაკებოდა, ის თურქულად პასუხობდა და მაინც შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის. უამრავი სახალისო ისტორიის გახსენება შემიძლია, რადგან მართლაც საოცრად საინტერესო ადამიანი იყო. ხშირად მენატრება და გული მწყდება, რომ ხანმოკლე ურთიერთობა გვქონდა, სამწუხაროდ, ძალიან პატარა ვიყავი და ბევრი ვერ მოვასწარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები