LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ გურამიშვილი – ჩინეთთან სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ამოქმედებული შეთანხმება ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას და ქვეყნებს შორის ვაჭრობას წაახალისებს

140
გური

„დღეიდან საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს, რომლებსაც ტვირთი სახმელეთო გზით გადააქვთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირდაპირი სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ. ეს ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ განვითარებას, ასევე, წაახალისებს ქვეყნებს შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად გაზრდის ქართველი გადამზიდველების კონკურენტუნარიანობას ახალ ბაზრებზე,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა.

მისი თქმით, როგორც „შუა დერეფნის“, ისე საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია:

„ჩვენი მიზანია აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებით ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას. მსგავსი ინიციატივები ქართველი გადამზიდველებისთვის და ექსპორტიორ-იმპორტიორებისთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“ –

გურამ გურამიშვილის განცხადებით,  შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას არა მხოლოდ სახმელეთო სატრანსპორტო გადაზიდვების მიმართულებით, არამედ ის დადებითად აისახება ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სფეროებშიც.

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების  შესახებ გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოში, ისე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.

2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო/საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდა, დაახლოებით, 528.9 ათასი ტონა ტვირთი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.1%-ით მეტია. პირდაპირი საავტომობილო მიმოსვლის განვითარება ხელს შეუწყობს აღნიშნული მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g