LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ნასარიძემ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

122
11

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ ქალაქ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის (GFFA 2024) გახსნის ღონისძიებაში და ფორუმის ფარგლებში გამართულ რიგით მე-16 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

სურსათის და სოფლის მეურნეობის მსოფლიოში ყველაზე დიდ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტერიალის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ერთობლივი ძალისხმევა, რათა გადაილახოს დღეს არსებული გამოწვევები, გაუმჯობესდეს პროდუქტიულობა, ტრანსფორმირდეს სასურსათო სისტემები, ხელი შეეწყოს მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრას, განვითარდეს საერთაშორისო ვაჭრობა და სოფლის მეურნეობის დარგში წახალისდეს ქალთა ჩართულობა.

თენგიზ ნასარიძემ მონაწილეობა მიიღო თემატურ კონფერენციებში, რომლებზეც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროინტეგრაციის საკითხები, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მიაღწია. თენგიზ ნასარიძემ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროგრამებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

მნიშვნელოვანი დისკუსიები გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჯემ ოზდემირის და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისრის იანუშ ვოიცეხოვსკის მონაწილეობით. დისკუსიებზე ის გამოწვევები და მექანიზმები განიხილეს, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვანია კანდიდატი ქვეყნების მხრიდან.

თენგიზ ნასარიძემ მონაწილეობა მიიღო დიდი შვიდეულის ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულ კონფერენციაში, რომელზეც განიხილეს საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინაში არსებული საომარი ვითარებით შექმნილ კრიზისზე და მის გავლენაზე რეგიონის ქვეყნებში სოფლის მეურნეობაზე, ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვზე. მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებს და აღნიშნა, რომ მათ  დასაძლევად ქვეყნების ერთობლივ ქმედებებს გადამწყვეტი როლი ენიჭება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g