წლევანდელი ,,ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე” გაერთიანებული სამეფოს ხმა – ოლი ალექსანდერია. 33 წლის მომღერალი, რომელიც უკვე შემდგარი ვარსკვლავია, დიდ ბრიტანეთს, როგორც ,,დიდი ხუთეულის’’ წევრს, 11 მაისს, ფინალში, საკონკურსო სიმღერით – Dizzy წარადგენს.
გაირკვა, რომ ელტონ ჯონის პროტეჟე საევროვიზიო კომპოზიციის კლიპის გადასაღებად საქართველოს სტუმრობდა. მეტიც, მუსიკალურ რგოლზე უცხოელ კოლეგებთან ერთად, ქართველებმა იმუშავეს. საუბარია საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიაზე – shelter.film, რომლის გუნდში ჩვენი თანამემამულეებიც შედიან.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ოლი სკანდალში გაეხვა. იყო პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ანტისემიტიზმის წახალისებისთვის, ის კონკურსიდან მოეხსნათ.
საქმე ისაა, რომ ალექსანდერმა გასული წლის 20 ოქტომბერს, ხელი მოაწერა წერილს, რომელშიც ისრაელს აპართეიდულ სახელმწიფოდ მოიხსენიებდნენ და ბრალს გენოციდში სდებდნენ. ვინაიდან შემთხვევა იქამდე მოხდა, ვიდრე მას ,,ევროვიზიაზე’’ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლად შეარჩევდნენ, უკმაყოფილება მალევე ჩაცხრა.
ცნობისთვის, ოლი ალექსანდერის მუსიკალური კარიერა სტარტს 2010 წლიდან იღებს, როცა ის ამავე პერიოდში დაფუძნებული ბენდის – Years & Years ვოკალისტი გახდა. 2021-იდან, Years & Years მისი სოლო პროექტია. ოლი ალექსანდერის სახელით ის ფართო ასპარეზზე სწორედ ,,ევროვიზიაზე” გამოვა.
შეგახსენებთ, რომ რიგით 68-ე ,,ევროვიზია” სლოგანით – United by Music, შვედეთის, როგორც შარშანდელი გარჯვებული ქვეყნის, ქალაქ – მალმეში გაიმართება. კონკურსის პირველი ნახევარფინალი 7 მაისს, მეორე ნახევარფინალი – 9 მაისს, ხოლოს ფინალი – 11 მაისს შედგება. მალმე მესამედ უმასპინძლებს ,,ევროვიზიას”, 1992 და 2013 წლების შემდეგ.