LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: ვიტალი დარასელიას მუსიკალური შვილიშვილის ოცნებები: „მინდა, ბიზნესლედი გავხდე, ოღონდ ყველაფერს მამაკაცის დახმარების გარეშე, ჩემით მივაღწევ!..“

1138
ლიზი-დარასელია

ვიტალი დარასელიას შვილიშვილი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც „რუსთავი 2“-ის შოუში „გვაჩვენე შენი ხმა“ მიიღო მონაწილეობა. მანამდეც ლიზის მუსიკალური კარიერა ჰქონდა და კონცერტები ბენდთან ერთად, თუმცა დიდი პოპულარობა სწორედ შოუში მონაწილეობამ მოუტანა. „გვაჩვენე შენს ხმაში“ გამოსვლის შემდეგ ის პაატა გულიაშვილმა შეამჩნია და საკუთარ იუმორისტულ გადაცემაში, რომელსაც ნიკა არაბიძესთან ერთად უძღვება, მომღერლად მიიწვია.

ლიზი დარასელია ბოლო დროის პოპულარობაზე, ცნობილ ოჯახსა და ბაბუაზე გვესაუბრება.

ლიზი დარასელია:

ძალიან მაინტერესებდა „გვაჩვენე შენს ხმაში“ მონაწილეობა. დამირეკა პროდიუსერმა თამუნა ბოჭორიშვილმა. იცოდა, რომ ვმღეროდი და შემომთავაზა მონაწილეობა, საკუთარი თავის გამოცდა. დავთანხმდი და მივედი ამ შოუში. ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიე იმ კუთხით, რომ ხალხმა ჩემი შესაძლებლობები ნახა და მეტად გამიცნო.

„გვაჩვენე შენი ხმის“ ჟიურიში იყო პაატა გულიაშვილი. როცა ჩემი გამოსვლა ნახა, ძალიან მოვეწონე და შემდეგ სოლისტად მიმიწვიეს პაატას და ნიკას შოუში, ჩემს ბენდთან ერთად.

თუ ელოდი ასეთ დიდ გამოხმაურებას და ჟურნალისტების ყურადღებას?

რადგან ვიტალი დარასელიას შვილიშვილი ვარ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. სულ ვფიქრობდი, რომ ბუმი მოხდებოდა და მოხდა. ჟურნალისტების დაინტერესება, რა თქმა უნდა, უკავშირდება ბაბუაჩემს და მისი დიდი როლია აქ, მაგრამ მგონია, რომ ჩემი ნიჭიც თამაშობს საკუთარ როლს (იღიმის).

რადგან ბაბუა ახსენე, რასაკვირველია, ეს შენთვის საამაყო მომენტია. ოჯახი როგორ უყურებს შენს პოპულარობას?

ბავშვობიდან ვამბობდი, რომ უნდა ვმდგარიყავი დიდ სცენაზე და სიმღერის მხრივ კარიერა გამეკეთებინა. ოჯახი გვერდში მიდგას, უხარიათ და კიდევ უფრო მეტს ელიან ჩემგან. დიდი გეგმები გვაქვს და ოჯახი ძალიან მეხმარება, გვერდში დგომა ნამდვილად არ მაკლია.

როგორი პასუხისმგებლობაა, როცა ასეთი ცნობილი ადამიანის შვილიშვილი ხარ?

ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – მე ვარ ჩემი ოჯახის სარკე და ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რომ ოჯახი დავაზარალო. ყოველთვის გათვლილი მაქვს ყველაფერი, როგორ უნდა მოვიქცე.

ახლახან იყავი სამეგრელოში, სადაც ძალიან კარგად შეგხვდნენ…

ვაიმე, ეს იყო საოცრება, ძალიან დიდი სიყვარული ვიგრძენი. დარბაზში ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, ვნახე, რამდენი მხარდამჭერი მყოლია სამეგრელოში. ბავშვები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, გგულშემატკივრობთ, სამეგრელოს სახე ხარო და დიდ წარმატებას მისურვებდნენ. მეგრელები ძალიან თბილი ხალხია, ძალიან მიყვარს, როგორ შეიძლება, არ მიყვარდეს?!. უბედნიერესი ვიყავი ამით. ეს ჩემთვის პირველი იყო. როცა გცნობენ, ძალიან სასიამოვნო მომენტია…

ბაბუასთან ურთიერთობა ვერ მოასწარი…

სამწუხაროდ, არ ვიყავი დაბადებული, როცა ის გარდაიცვალა…

სიმღერის ნიჭი ვისგან გამოგყვა?

ბებიისგან, მაგრამ დედის მხრიდან. სულ მეუბნება, რომ მის დროს არ იყო ასეთი პროექტები, მაგრამ სკოლაში პირველი იყო სიმღერის მხრივ (იღიმის).

პაატა გულიაშვილისა და ნიკა არაბიძის შოუში განსხვავებულ მუსიკალურ ფორმატში მოსინჯე შენი თავი. როგორ მოგწონს შენგან განსხვავებული სტილის სიმღერების შესრულება?

ეს ჩემთვის ახალია, სამსახიობო ნიჭიც უნდა გქონდეს. ძალიან კარგად გავერთეთ. ყველა გვერდში მიდგას და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. მიხარია, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი ვარ.

როცა რაიმე ახალს ვგეგმავთ, ერთმანეთთან ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, რაც არ მინდა, იმას არ ვიმღერებ, მთავაზობენ და ერთობლივად ვთანხმდებით, რა და როგორ ჯობია. ჩემი აზრით, ქართველ ხალხს ქართულენოვანი სიმღერები მოსწონს.

როგორც ჩანს, შენს იმიჯს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ. რა არის ის, რასაც არასდროს ჩაიცვამ?

არ მიყვარს ვულგარულად ჩაცმა. მეხმარება ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც ჩემს გარეგნულ მხარეზე ზრუნავს, ზოგჯერ ჩემი გარდერობიდანაც ვარჩევ სამოსს. ჩემი სტილი უფრო კლასიკურ-სპორტულია. კაბები დიდად არ მიყვარს, მაგრამ გადაცემას სჭირდება.

შენს ბენდს კონცერტები აქვს?

გვაქვს ხოლმე ივენთები, კორპორაციული კონცერტები.

პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ – როგორი უნდა იყოს შენი მეორე ნახევარიგაქვს კონკრეტული კრიტერიუმები?

ახლა არავინ მყავს და ჯერჯერობით ამაზე არც ვფიქრობ, რადგან კარიერაზე ვარ კონცენტრირებული. 21 წლის ვარ… თუ ჩემ გვერდით ვინმე იქნება, მან აუცილებლად უნდა შემიწყოს ხელი. ისეთი პროფესია მაქვს, აქ არ წახვიდე, იქ არ წახვიდე, ეს არ ჩაიცვა – ჩემთან არ გამოვა. ხელი უნდა შემიწყოს, ჩემ გვერდით უნდა იყოს, თვითშეფასება უფრო და უფრო ამიმაღლოს, უნდა იყოს საღად მოაზროვნე და შემდგარი ადამიანი.

ოჯახისგან რაიმე სურვილები ხომ არ გაგიგია ამ კუთხით? რას გირჩევენ?

ჩემმა მშობლებმა ჩემი ხასიათი იციან და ჩემს საქმეში არ ერევიან. ერთადერთი, რასაც მირჩევენ, ის არის, რომ ჯერ კარიერას მივხედო. ეს მეც კარგად ვიცი. 21 წლის ასაკისთვის უკვე ბევრი მაქვს გაკეთებული, მაგრამ მინდა, ჩემი პატარა ბიზნესი მქონდეს. ჯერჯერობით, არ ვიტყვი, რა იდეები მაქვს, რადგან როცა ვამბობ, მერე არაფერი გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, თბილისში რა ბიზნესი „დავატრიალო“ (იცინის). უნდა გავხდე ბიზნესლედი, ოღონდ როგორი, იცი? ხომ ამბობენ, რომ კაცის გარეშე ქალისთვის ეს შეუძლებელია? მე ვაპირებ, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთო… ამას ვამბობ ყოველთვის… არ მჭირდება მამაკაცის დახმარება!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი, პაატა გულიაშვილის და „რუსთავი 2“-ის იუმორისტული გუნდის „ფეისბუქ-გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g