დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში აცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა მოიმატა. მისივე თქმით, 60 წელს ზევით ადამიანებისთვის ამოქმედებულმა წამახალისებელმა კამპანიამ და მწვანე ბარათის ამოქმედებამ თავისი როლი შეასრულა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა აიწია, ანუ 10 000-ზე ოდნავ მეტი ვაქცინირებული ფიქსირდება. ასევე, ცოტა დამაიმედებელია ის, რომ იზრდება 60 წელზე ზემოთ მყოფი პირების მიმართვიანობა იზრდება, რაც ნიშნავს, რომ წახალისება გარკვეულად სტიმულს აძლევს ამ ასაკის მოსახლეობას, რომ მივიდნენ და აიცრან. სხვა ასაკობრივი ჯგუფებიც უკვე მიმართავენ აცრებს, როგორც ჩანს „მწვანე პასპორტის“ გააქტიურებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
ცნობისათვის, 26 ნოემბერს 10 179 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 145 233 აცრა.
