საქართველო უკვე 30 წელზე მეტია ცდილობს, ჩრდილოელი მეზობლისგან დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება.
ამ რთულ გზაზე, ბუნებრივია, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქვეყნის სასიკეთო ცვლილებების გარანტი უნდა იყოს.
დღეს, უკვე, მეათე მოწვევის პარლამენტი გვყავს. საქართველოს პოლიტიკის ბედს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები წყვეტენ ხოლმე.
გადავწყვიტეთ, იმ დეპუტატებზე გიამბოთ, ვინც ქვეყნის ბედ-იღბლისთვის ბრძოლაში ხელოვნებიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეს.
მათი სია არცთუ ისე პატარაა.
ზოგიერთი მათგანი აირჩიეს, მაგრამ არ მუშაობს, ზოგიც მხოლოდ 15 წუთით აღმოჩნდა პარლამენტში და სურვილის მიუხედავად, მისი დატოვება მოუწია.
რამდენად გაამართლა საქართველოში ხელოვანების პოლიტიკაში გადანაცვლებამ, ამაზე პასუხს ყველაზე უკეთ ისტორია გასცემს.
მანამდე კი გავიხსენოთ, ვინ რა გზა გაიარა პოლიტიკაში მოსასვლელად.
ალბათ ბევრი ქვეყნის პარლამენტი ვერ დაიკვეხნის, რომ მათი დეპუტატი „კანონიერი ქურდი“ იყო. ჯაბა იოსელიანი სწორედ ამ სტატუსის მატარებელი იყო.
მას 1948 წელს ლენინგრადში ბანკის ძარცვაში მონაწილეობის გამო 25 წელი მიუსაჯეს. 17 წელი მოიხადა.
1965 წელს სასჯელმოხდილმა მცირე ხანში ისევ ამოყო თავი ციხეში, ამჯერად მკვლელობისთვის.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტის კათედრაზე დაიწყო მუშაობა.
დაწერილი აქვს რამდენიმე სცენარი თეატრალური სპექტაკლისთვის. თეატრალური ხელოვნების სფეროში საქმიანობისთვის პროფესორის წოდება მიიღო.
ჯაბა იოსელიანი 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო (თბილისი, ნაძალადევის მაჟორიტარი).

ჯაბა იოსელიანი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული.
შევარდნაძის ხელისუფლებაში ერთ-ერთი გამორჩეული და ხმაურიანი სახე იყო ლუიზა შაკიაშვილი – ყოფილი დისიდენტი და პროფესიით მსახიობი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.
ლუიზა შაკიაშვილი 2012 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეჟისორი ელდარ შენგელაია პოლიტიკაში აქტიურად 1990 წლიდან ჩაერთო. იყო პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი.
1992–1995 წლებში — საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
პარალელურად არ შეუწყვიტავს შემოქმედებითი მოღვაწეობა და რამდენიმე ფილმი გადაიღო. ის ასევე იყო მე-3, მე-5 და მე-6 პარლამენტის წევრი.
პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო მისი ძმა, გიორგი შენგელაიაც. სიცოცხლის ბოლო წლებში გიორგი შენგელაია ცდილობდა, საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო და ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი, ნიკოლოზ შენგელაია ივანიშვილის ოჯახის ახლო მეგობარია.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლიტიკურ საქმიანობაში 1991–1992 წლებში ჩაერთო. მაშინდელი ხელისუფლების პირობებში, ხაინდრავა მცირე ხნით დაპატიმრებულიც იყო.
1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. იმავე პერიოდში იყო სახელმწიფო მინისტრი აფხაზეთის საკითხებში.
გოგა ხაინდრავა იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და პარლამენტშიც შევიდა ჯგუფ „სახის“ წევრი დათო ხუჯაძე. ის „აღორძინების“ სიით აირჩიეს, თუმცა მისი პოლიტიკური კარიერა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა – გაისმა საქართველოს ჰიმნი, ამ დროს გაიღო კარი და … „ვარდების რევოლუცია“ დაიწყო.

მას შემდეგ დათო ხუჯაძემ მომღერლის კარიერა გააგრძელა.
პოლიტიკაში ჩაერთო ჯგუფ „სახის“ კიდევ ერთი წევრი გოგა ხაჩიძე. იყო მე-6 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატები“
2008 წლის 1 ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად. ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის სექტემბრამდე.

ზაზა ხუციშვილის რეგალია საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია.
ინჟინერი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ხელოვანი.
იყო მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. (თბილისის დელისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2019 წლის 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო საპარლამენტო საქმიანობა.
ჯგუფ „ვაკის პარკის“ ყოფილმა წევრმა მუსიკალური საქმიანობა უკვე წლებია მიატოვა და თაყვანისმცემლებისთვის ახალი სიმღერა არ შეუთავაზებია.

„მე ეჭვიანი არ ვარ, ჯაჭვლიანი ვარ“, ხშირად უთქვამს მსახიობსა და რეჟისორს სოსო ჯაჭვლიანს, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2012 წელს „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ინგა გრიგოლიამ გლდანის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მიზეზი ერთი იყო. იცოდა, სოსო ჯაჭვლიანს ვერ დაამარცხებდა.

მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა პოლიტიკაში ყოფნისას ბევრჯერ დაგვამახსოვრა თავი ემოციური გამოსვლებით.
მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრმა (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“) პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თქვა, რომ არაფერს ნანობს და რომ გასაკეთებელ საქმეს ყოველთვის მონახავს.

რეჟისორი ნუკრი ქანთარია მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრზე ბევრი ამბობდა, რომ პოლიტიკაში წასვლით, ქვეყანამ კარგი რეჟისორი დაკარგა.
მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად.
თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2000 წელს მიენიჭა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტის, 2004 წელს კი ამავე ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი წოდება.

პოლიტიკაში გადაინაცვლა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნისას ყველაფერს გააკეთებს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
„ქართული ოცნების“ სიით პარლამენტში შესვლისას განაცხადა, რომ სიამოვნებით დაუკრავდა, თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთვის როიალს შეიძენდნენ.
ელისო ბოლქვაძე საპარლამენტო საქმიანობაში 2020 წლის დეკემბრიდან ჩაერთო. ამ დრომდე, მისი სურვილი როიალის შეძენასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებიათ.

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ბუბა კიკაბიძემ.
მომღერალი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიის პირველ ნომრად აირჩია. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ შევიდა. თუმცა ბუბა კიკაბიძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ შესულა.

ქართულ პოლიტიკაში ხელოვანების გადანაცვლება, დიდი ალბათობით, არ დასრულდება და სია კიდევ უფრო გაიზრდება…
