“აღდგომის პერიოდამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა ყველა წესის აღსრულებაში, რათა ხელისუფლება არ გახდეს იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო, გარკვეული შეზღუდვების დააწესოს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისთვის, ნაადრევია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, რადგან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება:
“ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა.
ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმა იქნება დღესასწაულებთან მიმართებაში.” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, ქვეყანას აქვს იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ისაუბრონ ჩაკეტვებზე. თუმცა, ამასთანავე, თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს წარადგინეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა “სინოფარმი, რომლის 100 000 დოზაც ქვეყანაში 1 აპრილს შემოვიდა.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტატისტიკური მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 228 შემთხვევა გამოვლინდა, 425 პაციენტი გამოჯანმრთელდა ხოლო 11 გარდაიცვალა.
