LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში, თიბისის მხარდაჭერით, პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა

308
inn

ახალციხეში ახალი სასტუმრო „ახალციხე ინნ“ გაიხსნა. „ინნ ჰოსფითალითის“ ქსელში შემავალი მეოთხე სასტუმრო მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. მისი კონცეფცია აერთიანებს მესხეთის კულტურას, ისტორიას და ერწყმის თანამედროვეობას, რაც შენობის ინტერიერის დიზაინშია ასახული.

პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 7,6 მილიონი ლარია.

გახსნის ღონისძიებას კერძო სექტორის, მედიის, ტურისტული კომპანიების, ასევე, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ახალციხის პოლიფონია“ და „რუსთაველის მსოფლიო“ – ამ საკითხების შესახებ დღის მთავარი სპიკერი ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ღონისძიების სტუმრებს ესაუბრა. აუდიტორიის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული მუსიკისა და ცეკვის ანსამბლები წარდგნენ.

„ახალციხე ინნ“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში ქალაქ ახალციხის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს. ოთხსართულიანი კომპლექსის ინტერიერი და ექსტერიერი თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი და დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს სთავაზობს.

სასტუმრო 115 ინდივიდუალური ნომრისგან შედგება. თითოეულ ოთახს აქვს ფრანგული სტილის  აივანი. კომპლექსის პირველ სართულზე ბარისა და რესტორნის რამდენიმე სივრცეს შეხვდებით, სადაც ადგილობრივ მესხურ ტრადიციულ კერძებს დააგემოვნებთ. „ახალციხე ინნ“-ში განთავსებულია სპა, აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნები.

სასტუმროში 2 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს შეხვდებით. პირველ დარბაზში 60 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი, მეორე დარბაზი კი 100 სტუმარს იტევს. საკონფერენციო სივრცეების გამოყენება სეზონის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. სტუმრები ერთობლივი სამუშაო და გასართობი სივრცეებითაც ისარგებლებენ. სასტუმროში გათვალისწინებულია პარკირების ზონაც.

„სასტუმროს ყველანაირი პოტენციალი აქვს ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტი იყოს. ამ ეტაპზე სასტუმრო 70 ადამიანს ასაქმებს, სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ობიექტი 100 ადამიანზე მეტსაც დაასაქმებს. ჩვენი პრიორიტეტია, დავასაქმოთ ადგილობრივები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ კერძო სექტორი გაძლიერდება და რეგიონში ასეთი სასტუმროს არსებობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, – ნინა გაჩეჩილაძე, „ინნ ჰოსფითალითის“ კომერციული დირექტორი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალციხეში პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ჩვენი მხარდაჭერით გაიხსნა. ეს თიბისისა და „ინნ ჰოსფითალითის“ პარტნიორობის ფარგლებში, „გუდაური ინნისა“ და „როიალ ინნის“ შემდეგ, რიგით მე-3 საერთო პროექტია. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და ადგილობრივების დასაქმების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შედეგად, ჰორეკა სექტორში 48%-იანი წილით, სექტორის ლიდერები ვართ“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სასტუმროს „ახალციხე ინნ“ მიზანი საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრების მოზიდვაა, როგორიცაა ევროპის ქვეყნები. „ახალციხე ინნ“ ხელს შეუწყობს დასაქმების მაჩვენებლის ზრდას, რეგიონს გახდის ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს, რაც დადებითად აისახება კერძო სექტორისა და ბიზნეს გარემოს განვითარებაზე.

(R)