„ქართველი სამთო გიდები ფეისბუქის“ გვერდზე მწვერვალ უშბაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე წერს, რა დროსაც მთამსვლელი და სამთო გიდი, ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.
„თავზარდაცემულები ვართ ჩვენი მეგობრის, სამთო გამყოლთა ოჯახის გამორჩეული წევრის, ნიკო ფალიანის ტრაგიკული დაღუპვით.
ნიკო იყო ერთ-ერთი პირველი ახალი თაობის სამთო გამყოლებს შორის, ვინც არა მხოლოდ მოიპოვა საერთაშორისო სამთო გამყოლის საერთაშორისო სტატუსი (IFMGA), არამედ განსაკუთრებული ღირებულება შესძინა სამთო გამყოლის პროფესიას სვანეთში.
როგორც სამთო გამყოლთა ასოციაციის გამგეობის წევრი, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ექსპერტი, პროფესიული მასწავლებელი, ნიკო იყო სამთო გამყოლთა ასოციაციის და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, იმედი და მომავალი, ახალგაზრდობის მისაბაძი მაგალითი, სვანეთისა და მთლიანად საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე.
არა მხოლოდ საგამყოლო საქმიანობის და ტურიზმის განვითარება, არამედ მთლიანად, სვანეთის და ქვეყნის ბედი დამოკიდებულია ნიკოს ღირებულებების, შემართების, გონიერების მქონე ადამიანებზე.
წარმოუდგენელია როგორ შეავსებს ქვეყანა ამ უმძიმეს დანაკლისს“, – წერს ფეისბუქ გვერდი – ქართველი სამთო გიდები.