რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ბოკა კვეკვესკირი და თეა ჯგერენაია სტუმრობდნენ. გადაცემაში ახალი პროექტის და სიმღერის „გურიშ ვარდი“ პრეზენტაცია შედგა.
მოგვიყევით თქვენს სამომავლო გეგმებზე, როგორც დუეტი უნდა ჩამოყალიბდეთ?
ბოკა: კი, ჯერჯერობით, როგორც დუეტი და მერე უკვე, ჯგუფი.
ჯგუფში რამდენი წევრი იქნება?
ბოკა: 4-5. მუსიკოსები, ინსტრუმენტალისტები დაგვემატებიან ძირითადად.
როდის გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა?
თეა: დაახლოებით, ერთი წლის წინ.
როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?
თეა: დაახლოებით, 5 წლის წინ, ერთ-ერთ ივენთზე გავიცანით ერთმანეთი მე და ბოკამ. დაახლოებით, ერთი წლის წინ, ტელევიზიიდან მომივიდა მოწვევა, რომ მათთან მივსულიყავი და ბოკას ვთხოვე, თუ შეგიძლია, ჩემთან ერთად წამოხვიდე და დუეტი შევასრულოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ბოკამ უარი არ მითხრა. ორი ქართული სიმღერა შევასრულეთ და ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან კარგად შეერწყა ერთმანეთს ჩვენი ხმები. ამ ყველაფრის შემდეგ, რამდენიმე თვეში, მომივიდა იდეა, რომ დუეტი შეგვექმნა.
ბოკა: ასე შედგა ჩემი და თეოს ტანდემი. ჩვენს პროექტს „გურიშ ვარდი“ ერქმევა.
თეა: ჩვენი მიზანია, რომ მივიწყებული მეგრული სიმღერები გავაცოცხლოთ და განვაახლოთ.
როდესაც „გურიშ ვარდის“ პატარა 40 წამიანმა ვიდეომ ძალიან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა, გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით და კიდევ ჩაგვეწერა და ჩაგვეწერა სიმღერები.
ახლა რამდენი სტუდიური ნამუშევარი გაქვთ?
ბოკა: ჯერჯერობით, ორი, ერთი ქართულენოვანი და მეორე მეგრული. მესამე, პოპური უკვე გზაშია.
სხვათა შორის, ორი ძალიან მაგარი ადამიანი გვიდგას გვერდში, ზაზა გოჩიტაშვილი და ზურა ბარბაქაძე. ზაზას ეკუთვნის ახალი სიმღერის არანჟირება. არანჟირებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ზურამ, რომელმაც ფანდურზე და ჭუნირზე დაუკრა.
გეტყვით, რომ ჩვენი პირველი სოლოკონცერტი სენაკში ჩატარდება, რადგან სენაკთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული.
როგორია სამომავლო გეგმები, თუ იგეგმება ახალი, კონკრეტულად თქვენთვის შექმნილი სიმღერების ჩაწერა?
ბოკა: იგეგმება სიმღერა აფხაზეთზე. ადვილი შესაძლებელია, რომ რაღაც ახალი ჰიტიც დაიბადოს.
სიმღერაზე „გურიშ ვარდი“ თუ გეგმავთ კლიპის გადაღებას?
თეა: აუცილებლად. ზაფხულში ვესტუმრებით სამეგრელოს და იქ გადავიღებთ კლიპს.
ბოკა კვეკვესკირი და თეა ჯგერენაია – გურიშ ვარდი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ბოკა კვეკვესკირი & თეო ჯგერენაია – დაღამებულხარ ჩემო აპრილო
ბოკა კვეკვესკირი & თეო ჯგერენაია. “პრემიერა თაკოსთან”