LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლო მომავალში იაპონიაში ვგეგმავთ გამგზავრებას, მანამდე კი, ახალ ალბომზე ვმუშაობთ და ანსამბლის იუბილესთვის ვემზადებით” – ლაშა ღლონტი „ალილოს“ სადღესასწაულო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე

80
ლაშა-ღლონტი

25 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მომღერალი ლაშა ღლონტი სტუმრობდა, რომელმაც ანსამბლ „ალილოს“ სადღესასწაულო პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

31 დეკემბერს ჩვენი ანსამბლი „რედისონში“ წარდგება პუბლიკის წინაშე, პირველში იანვარს – „დე ფლორში“, 3-ში კი „ოტიუმში“, მოაწყობს კონცერტს. გარდა ამისა, 5 იანვარს ლენტეხში გავემგზავრებით,  6 და 7 იანვარს წინანდალში ვიქნებით, მანამდე კი, ასპინძას ვესტუმრებით. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გამოსვლები ყოველთვის სუპერ ანშლაგით იმართება. ძალიან კარგი კონცერტი გვქონდა რამდენიმე დღის წინ „გასტრომანიაში“, უამრავი ადამიანი გვეწვია და გაგვიხარდა, რომ პუბლიკას ისევ ძველებურად უყვარს ქართული სიმღერა. არანაკლებ წარმატებული გასტროლები გვქონდა შეერთებულ შტატებში, სადაც არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვისაც ვიმღერეთ, მით უფრო, რომ რეპერტუარში ქალაქურ სიმღერებთან ერთად, ფოლკლორული ნამუშევრებიც მრავლად გვაქვს. ახლო მომავალში იაპონიაში ვგეგმავთ გამგზავრებას, მანამდე კი, ახალ ალბომზე ვმუშაობთ და ანსამბლის იუბილესთვის ვემზადებით.

გარდა ამისა, დათო შანიძესა და ზვიად ბოლქვაძესთან ერთად ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, რომელიც მართლაც სერიოზულ გამოწვევად იქცა ჩემთვის, რადგან უმაღლესი  დონის პროფესიონალებთან მომეცა თანამშრომლობის საშუალება. მომავალი წლისთვის კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიების მოწყობას ვაპირებთ, თუმცა დეტალების გაჟღერებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

კიდევ ერთ – ოჯახურ კონცერტს ვგეგმავთ 15 იანვარს ხონში. დიდი ხანია ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ვმღერი და სწორედ მათთან ერთად ვესტუმრები ხონელებს. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მოგზაურობა კარგია, მაგრამ რეგიონებშიც საჭიროა კონცერტების მოწყობა, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ინტენსიურად ვსტუმრობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქს.

მართალია, 2023 წელი ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ მაინც მადლიერი ვარ, რადგან შრომის გარეშე შეუძლებელია შედეგის მიღწევა, მით უფრო, რომ ყოველთვის ვგრძნობ პუბლიკის დიდ სიყვარულს. მთელი გულით ვულოცავ ყველას ახალ წელს და პირველ რიგში მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები