LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას – რა საკითხებზე იმსჯელეს უმრავლესობის სხდომაზე

68
მამუკა-მდინარაძე

პარტია  „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამაუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაძე ოთხი ძირითადი თემა განიხილეს.

„პირველ რიგში ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში. უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც ხმოვანდება მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანაც და რაც ემთხვევა საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ოფიციალური პოზიციას და ეს არის ის, რომ ალტერნატივა არ აქვს არც დიალოგს და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიყოთ, იქ, სადაც ვიყავით, ჩვენ იქიდან არსად წავსულვართ. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ჩვენი წილი, სხვაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და აქ არ იყოს შეფერხება არც ვინმეს პროვოკაციული ქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური განვითარება ქვეყანამ განაგრძოს მიზნისკენ, რაც არის ნატო და ევროკავშირი, ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო საგამოძიებო კომისიასა და საარჩევნო კანონმდებლობას.

„ვიმსჯელეთ საგამოძიებო კომისიაზე, რომლის წევრებიც წარვადგინეთ დღეს და იქ კვოტები არ არის შეზღუდული. თუ ინებებენ ჩვენი ძვირფასი ოპონენტები, შემობრძანდებიან პარლამენტში და ეს შეთანხმება შედგება, მაშინ ამ კვოტების გაზრდა შესაძლებელია. ასევე იყო საარჩევნო კანონმდებლობაზე საუბარი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შემოდგომაზე ჩვენ წინ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები. ამ არჩევნებზე ვაპირებთ ჩავატაროთ უპრეცენდენტო, ისტორიული არჩევნები იმ გადაწყვეტილების და შეთანხმების მიხედვით, რომელიც უკვე შედგა, მემორანდუმს ხელი მოეწერა. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრად დახვეწილი კანონმდებლობა იქნება, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სპეკულაციების სივრცე არ იყოს და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ იყოს კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობის ფარგლებში ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა, კომისიის წევრების დაკომპლექტების წესის შეცვლა სამივე დონეზე. უამრავი დეტალია, რაც იქნება ძალიან პროგრესული ნაბიჯი“.- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები