14 ივნისს, გონიოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 25 წლამდე ასაკის სამი ახალგაზრდა – მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე და სალომე გორგაძე დაიღუპა.
შემთხვევის დროს ბათუმიდან სარფის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, 3 ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა ავტომობილში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ერთ პირს – უწყების განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი მეგი ჯაიანის და, ნაზი ჯაიანი, რომელმაც მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე სტატუსი გამოაქვეყნა, მორიგ პოსტს აქვეყნებს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„14 ივნისია, ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე. ყველა სამსახურშია, სახლში მხოლოდ მე და მარიკუნა ვართ, როგორც ყოველთვის, მე ჩემს სამეზობლოში ვტრიალებდი. მოვედი სახლში, დავწექი, დავიწყე მობილურის სქროლვა და მომყვა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ გონიოში მოხდა ავარია, 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა და 2 დაშავდა… გადავედი ეგრევე, წავიკითხე, მაგრამ სახელი, გვარები და სხვა ისეთი ინფორმაცია არ ეწერა.. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მობილური რეკავს, ვპასუხობ და მეკითხება: ნაზი რამე გაიგე? მეც არხეინად ვპასუხობ, რა უნდა გამეგო, მიდი მომიყევი ახალი ამბავი.. მეგის ერთ-ერთი მეგობარი ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა…. აქ უკვე ყველაფერმა ჩამიარა თვალწინ, რადგან ვიცოდი, მეგიც მასთან ერთად იყო.. მაგრამ ამ ყველაფერს მაინც ვერ წარმოვიდგენდი! ახლაც არ მჯერა, ზღაპარში მგონია თავი..
გავთიშე მობილური და ვრეკავ მეგისთან, მპასუხობს ვიღაც უცნობი, ვეკითხები ხმის კანკალით, მეგი სად არის? უვიცად მპასუხობს, მე არ ვიცი, დაურეკე ანას მშობელს და ის გეტყვის..
აქ უკვე დავიწყე ტირილი, ვრეკავ ყველასთან და ვთხოვ იპოვონ ჩემი და, იქნებ გარდაცვლილთა სიაში არაა და უბრალოდ დაშავებულია, ყველანაირ იმედს ვეძებ, ვებღაუჭები, მაგრამ ვისთანაც დავრეკე, გასარკვევად, აღარ მპასუხობს არავინ…
გამოვვარდი სახლიდან, ყველა ჩემს გაჩერებას ცდილობს, მგონია, რომ ეს ამბავი არავინ არ იცის, ჩემს გონებას არ უნდა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყოს..
მივედი საავადმყოფოში, შევედი, მაგრამ კითხვა ვერ გავბედე, რადგან შემეშინდა იმ პასუხის, რაც ძალიან არ მინდოდა.. გამოვბრუნდი უკან, საბას ვთხოვ, შედი და შენ კითხე, სად არიან-მეთქი, მაგრამ საბამაც რა კითხოს?! იცის ყველაფერი, უბრალოდ ვერ მეუბნება? რა უნდა ეთქვა?
გამოვიდა და მეუბნება, აქ არ არიან, ენგელსზე მიუყვანიათო, აქ ცოტა იმედი მქონდა.. რადგან მე მგონია, რომ საზღვაო ჰოსპიტალში არიან, მგონია რომ იქ მივდივართ, მაგრამ თურმე ჩემი ფეხით მივედი მორგში, სადაც ყველა შეკრებილა უკვე..
გადავდივარ მანქანიდან, გავრბივარ შესასვლელთან, ვერავის ვერ ვხედავ, თვალებში უბრალოდ მიჩანს რაღაც ვიზუალები.. მივედი როგორღაც შესასვლელთან და ვთხოვ შემიშვან, მაჩვენონ ჩემი მეგიკუნა, მაგრამ უარზეა, ვერ შეგიშვებთო..
გამოვბრუნდი, ყველას თვალებში ვუყურებ და ვეძებ იმედს.. სადაც მეტყვიან, რომ ნაზი ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ავარიაა და მალე გამოწერენ.. დავდივარ იქეთ-აქეთ, ვეძებ ისეთ სახეს, ვინც მეტყვის მართლა რა ხდება.
გადმოვდივარ მეორე მხარეს, ვხედავ ატირებულ მამაჩემს და სწორედ ამ დროს მიწევს რეალობასთან თვალის გასწორება.. მაგრამ მეგიკუნა, მამიკო შენი მეგობრის სანახავად მივიდა და მისი შვილიც იქ დახვდა, ყველაზე რთულად მამიკომ გაიგო.
აღარ მახსოვს მაგ მომენტის შემდეგ არაფერი, თვალებში უცებ სიშავე წამოვიდა, ვერავის ვერ ვხედავდი, ძალიან არ მინდოდა ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილიყო..
დედაჩემს ბოლო წუთამდე მამაჩემი ეგონა, აბა რა უნდა ეფიქრა?! აბა რას იფიქრებდა?! რას წარმოიდგენდა, რომ 22 წლის ანგელოზივით შვილი მოუკლეს?!
ზუსტადაც რომ მოუკლეს! როგორ სუნთქავს საერთოდ?! 3 ანგელოზივით გოგო გამოასალმა სიცოცხლეს, 3 ოჯახი გააუბედურა.. ცხოვრებაში არავის მიმართ არ მქონია ზიზღი, მაგრამ ახლა მაქვს.. სამწუხაროა, რომ დღეს და ამ გზით მიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა..
გოგოებო, გპირდებით, თქვენი სულისთვის ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, ყველამ უნდა აგოს პასუხი და მიიღოს ის, რაც ეკუთვნის!
14 ივნისის და 17:23 საათის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ჩემი ცხოვრება მწუხარებამ და უდიდესმა ტკივილმა მოიცვა, რაც იქნება სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში..
ახლაც არ მჯერა, ჯერ კიდე ვერ ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს..
რიცხვი 14 მეზიზღება, ცალ-ცალკე 1 და 4 ციფრიც მეზიზღება, რაც შენს სიკვდილს უკავშირდება, ყველა და ყველაფერი მეზიზღება.
ჩემი გული და სული თან წაიღე მეგიკუნა, ახლა მე უბრალოდ ვარსებობ.. როგორც შენ იტყოდი, ნაზი მამას ვაჟკაცივით უდგას გვერდითო, გავაგრძელებ მაგ გვერდში დგომას და გპირდები, არ მივცემ თავის დახრის უფლებას!
როგორ მენატრები და როგორ მჭირდები, მაგაზე საუბარს აღარ დავიწყებ. მიყვარხარ ძალიან, ძალიან. ჩემი პირადი ანგელოზი“, – წერს მეგი ჯაიანის და სოციალურ ქსელში.
14 ივნისია, ერთი ჩვეულებრივი შაბათი დღე.. ყველა სამსახურშია, სახლში მხოლოდ მე და მარიკუნა ვართ, როგორც ყოველთვის მე ჩემს…
Posted by Nazi Jaiani on სამშაბათი, 24 ივნისი, 2025