“ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ლელოს” შორის პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი არსებობს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, “ლელოს” უპრინციპობაზე მეტყველებს ის, რომ ერთმანეთის კრიტიკულად მოხსენიების პარალელურად, პარტია საარჩევნო მიზნებისთვის ენმ-სთან ალიანსში შედის:
“რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს, სამწუხაროდ, არ აქვთ ღირსების შეგრძნება, იგივე გამოჩნდა იმ კოალიციების მაგალითზე, რომლებიც გაფორმდა ოთხ მუნიციპალიტეტში. ერთი პარტია მეორის ლიდერს უწოდებდა “თვალთხარიას”, მეორე პირველს უწოდებდა მკვლელებს და შემდეგ შეკრეს კოალიცია.
რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს უპრინციპობაზე. ამის გამოხატულებაა “ლელოს” პოზიციაც. როდესაც “ლელო” აფიქსირებს, რომ “ნაცმოძრაობას” ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს “ლელოს” უპრინციპობაზე მეტყველებს.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ არსებობს პირდაპირი, ძალიან მჭიდრო ალიანსი “ნაცმოძრაობასა” და “ლელოს” შორის. მათ შორის რეალურად ზღვარიც არის წაშლილი, ამიტომ, ეს ყველაფერი არავის უკვირს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” რუსთავში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და “ლელოს” წევრს, ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს მხარს.