LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ უიმედობაში, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება სტატუსი, სტიმული, რომ უფრო მეტი იმედგადაწურული ადამიანი არ მიაწყდეს მექსიკის საზღვარს – ნათია ფანჯიკიძე ევროკომისიის დასკვნაზე

139
tiafanjikkdzzzeee-2020-04-13-13-42-14-023907

ნათია ფანჯიკიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ვრცელ პოსტს უძღვნის და აღნიშნავს, რომ შენიშვნების ჩამონათვალზე ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი, თუმცა პროგრესისკენ მივდივართ.

ამასთან, ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ 20 ივნისს ბევრი ადამიანი გამოვა აქციაზე.

“პლანეტის მრავალ ყირამალა და დუხჭირ ქვეყანას შორის იმ რამდენიმე ათეული განვითარებული ქვეყნის მშვენივრად მესმის, როდესაც ფიქრობს – რაც მაქვს, წინაპრების და საკუთარი. შრომით მაქვს, დავიმსახურე ჩიტების ჟღურტულში ღია კაფეში ჯდომა და კრუასანი დილას, საღამოს ძვირფასი ღვინო, რატომ გავაგდო ხელიდან ან მოვიკლო შენთვის, იმისთვის, ვინმესთვის, ყველაფერი ჩემით შევქმენი… თუმცა, ადამიანები, სწორედ მაშინ, როცა სხვაზე უკეთ ვვითარდებით, ვიწყებთ არათუ სხვა ადამიანების, არამედ ცხოველების დაცვასაც. განათლების გავრცელებასაც და მცენარეების გაშენებასაც. ხოდა კიდევ, როცა სახელმწიფოებრიობის უწყვეტი, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე თავად ევროპა ხშირად არც ისე იდეალური ლიდერების არჩევანის წინაშეა, ჩვენისთანა ახალშობილი ქვეყნისთვის უვარგისი მთავრობის გამო გარეთ დატოვება, მაინც უხეში ხელისკვრაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ რათქმაუნდა, მაჩანჩალები ვართ, ასევე თვალსაჩინოა, რომ დასავლეთისვე დიდი დახმარებით, იგივე არ ვართ, რაც ვიყავით სსრკ-ციხიდან ახლადგამოშვებული უნახავები, რიგით ქართველს ევროპის მაღაზიაში ყველაფერი რომ თვალს ჭრიდა და იპარავდა, შიგნით ქვეყანაში მეზობელს აყაჩაღებდა, აწამებდა და აუთოებდა, ყავის დასალევი კაფეც რომ არ არსებობდა და შემდეგ, როცა არსებობდა, გისოსებით იკეტებოდა, რომ ჩაიდანი არ მოეპარა ვინმეს. კი, შენიშვნები სამართლიანია და ცხადია, ჩვენც ვიცით, უფრო მეტი გვაქვს გამოსასწორებელი, ვიდრე კომისიის შენიშვნებშია ჩამოთვლილი, მაგრამ ერთ ადგილზე ნამდვილად არ ვდგავართ. შეიძლება ვფორთხავთ, არ გავრბივართ პროგრესისკენ, მაგრამ მაინც ვმოძრაობთ. ახლა ჩვენი ხელისკვრა ნიშნავს, რომ გაგვიჭირდეს, დასახმარებლად არავინ მოვა, სამაგიეროდ ყველა მეზობელი თავს დაგვესხმება, როგორც ეს იყო 90-იანებში და ახალ ბუჩას მოგვიწყობენ, ისე, რომ ვერავინ გაიგებს ჩვენს ტირილს. მე მაინც ჯიუტად ველი დადებით გადაწყვეტილებას. ვარსებობთ ამ ქვეყანაში ხალხი, ვისაც მიუხედავად რუსული კაგებეს ასეთი კონცენტრირებული შემოტევებისა, ჩვენსავე მოღალატეებში ასე ძლიერად ფესვის გადგმისა, არ გვინდა დავტოვოთ ქვეყანა, გვინდა შრომა, გვინდა უკეთესი გარემოს შექმნა და ცოტა დეპრესია ჩვენც გვიტევს დროდადრო, მაგრამ მაინც კიდევ მორჩენილი ძალა გვაქვს ამის. ჩვენც თუ გავიქცევით, ცარიელ ადგილს ვინც იკავებს, ყველანი ვხედავთ. უკრაინაში დაწყებული არ იყო ომი, ერთმანეთს ასწრებდნენ რუსები აქ ბინების და მიწების ყიდვას. რუსეთის ერთი სოფლის მოსახლეობა ჩაგვანაცვლებს და მიეფიცხება ჩვენს მზეს, მეტი არც დაეტევა ამ პატარა მიწაზე. ნათელია, რომ მთავრობის დაკვეთა არ არის, რომ საგარეო პოლიტიკა ქვეყნის სასრგებლოდ ვითარდებოდეს, მაგრამ იქნებ პიროვნული ძალის მქონე ელჩებს მაინც გაგაჩნიათ პირადი ინიციატივა და ენის სხვა რეგისტრი, რომ მოითხოვოთ კლასიდან კლასში არაიდეალური ქულებით, მაგრამ გადასვლა. ხომ ხედავს ევროპა, მძიმე კრიზისი გვაქვს, სანდო ადამიანები არ გვყავს, ვინც ცვლილებების საკმარის ძალას მოგვცემდა. დრო არ ითმენს, აკადემიური წლების აღების ფუფუნება ახლა არაა, თორემ მოუთმენელი პირადად მე სრულებით არ ვარ, განვითარების ტემპთან და ლოგიკასთანაც შევძლებდი თანხმობას. მაგრამ ამ უიმედობაში, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება სტატუსი, სტიმული, რომ უფრო მეტი საბოლოოდ იმედგადაწურული ადამიანი არ მიაწყდეს მექსიკის საზღვარს. იმედია, ბევრი ადამიანი შეიკრიბება 20-ში და გამოხატავს, რომ ვარსებობთ, ცვლილებების ძალის მქონე ხალხი, ვისაც თავი ევროპის ნაწილად მიგვაჩნია”, – წერს ფანჯიკიძე.

 

magti 5g