გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის დევნილთა დასახლებაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე 2008 წლის ომის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარის ბრალეულობაზე ისაუბრა.
შეხვედრის ამსახველ მასალას ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.
“ჩვენთან არავინ იყო გაფრთხილებული. ხომ შეიძლება, აქედან რომ ესვრი, იმათაც საპასუხოდ გამოგიშვან და აქ რა მოხდებოდა, წარმოგიდგენიათ ხომ?! ჩვენ მეორე დილით, 8-ში გავიგეთ, რა ხდებოდა, ომი დაიწყო. ჩვენ რომ აქედან დაბომბვა დავიწყეთ, იმათაც რომ ერთი გამოესროლათ, რა გვეშველებოდა?” – აცხადებს გორის მერი.
შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მოსალოდნელ პროვოკაციებზე აფრთხილებდნენ. ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სახელი ვერ გაიხსენა, გორის მერმა შემდეგნაირად შეახსენა: “კონდოლიზა რაისი, ზანგი რომ იყო”.
მოგვიანებით, გორის მერმა განმარტებები გააკეთა “რუსთავი 2”-თან. კონსტანტინე თავზარაშშვილის თქმით, მას არ ახსოვს რასისტული განცხადების გაკეთება, თუმცა თუ მექანიკურად რაღაც წამოსცდა, ბოდიშს იხდის. რაც შეეხება 2008 წლის ომს, თავზარაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პროვოკაციების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
“მე მოსახლეობას ამას განვუმარტავდი, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ იყო ისეთი პროვოკაციები, რომ ჩვენს მაშინდელ ხელისუფლებას შეეძლო, ეს პროვოკაციები აეცილებინა და ამ ომში არ ჩაბმულიყო”, – განმარტა გორის მერმა.
2008 წლის ომში ქართული მხარე ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დაადანაშაულა. “მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში. საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების,” – ასეთია საპრეზიდენტო კანდიდატის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი განცხადება 2008 წლის ომის თაობაზე. ამის შემდეგ მას საკუთარი პოზიციების დამატებით ახსნა მოუწია და აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, თუმცა, იქვე დასძინა „კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი ასევე ერთმნიშვნელოვანია – დიახ.“ ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა“. მოგვიანებით მმართველი ძალის მხარდაჭერილმა კანდიდატმა რიტორიკა შეცვალა და აღნიშნა, რომ რუსეთი არის ერთმნიშვნელოვნად აგრესორი და მან დაიწყო ომი საქართველოსთან 2008 წელს.