ძირითადად საწოლშია, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება – ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეითებული. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ვივამედში“ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ დავარაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 20 თებერვალს 67კგ და 200გ-ს იწონიდა.
„პაციენტის მდგომარეობა დღეისთვის – ტენდენცია არის დამძიმებისკენ, რადგან სხეულის წონა და მასა ძალიან დაქვეითებული რჩება. 20 თებერვლისთვის წონა იყო 67კგ და 200გ და სხეულის მასის ინდექსი 18,2. პაციენტს გამოხატული აქვს ზოგადი საერთო სისუსტე, დასუსტებულია ძალიან. ძირითადად საწოლშია პაციენტი, აქვს კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით, მაგრამ ეს ტკივილი მაინც რჩება. ყველაზე სავალალო არის ის, რომ კვება რჩება არაბალანსირებული, მაგრამ ამ არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს. პირღებინება და გულისრევა ძალიან იშვიათად რომ დაფიქსირებულიყოს ჩვენთან, მაგრამ ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. პაციენტის მონიტორინგი ხდება ყოველკვირეულად. ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს ანთებითი მარკერების, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზს ვაკეთებთ. უმნიშვნელო ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორექტირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს სალათები და რა თქმა უნდა, პაციენტს სჯერა რასაც ვეუბნები, ვერ ვიტყვი, რომ არ მომყვება და არ ითვალისწინებს. ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან და სწორედ ამიტომ მოთავსდა პაციენტი თერაპიულ პალატაში, რომ ეს მაჩვენებლები იყო ნორმის ფარგლებში და მიუხედავად წონის კლების და არასრულფასოვანი კვებისა, რჩება ნორმის ფარგლებში“, – განაცხადა თამარ დავარაშვილმა.
ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად 300-400 კალორიას იღებს, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციებისთვის აუცილებელია, რომ მან დღიურად მინიმუმ, 1700 კალორია მიიღოს.
„მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ყოველდღიურად, ენერგეტიკული ბალანსის უარყოფით რეჟიმში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით, მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს იღებს, ვიდრე მას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია გვაქვს წონის კლების ასეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება,“ – განაცხადა მებუკემ.
მისივე თქმით, სააკაშვილი „დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას“.
„რასაკვირველია, ეს შეთავაზებულ იქნა, თუმცა ის თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას დღემდე აგრძელებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული ენდოკრინული პათოლოგიები, რომელსაც ნამდვილად ახასიათებს მადის დაქვეითება და ის არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი, თუმცა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ასეთი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქო-ემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთს მომენტით,“ – განაცხადა სოფო მებუკემ.