საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მარიხუანა მავნებელია და მისი პროპაგანდა დაუშვებელია.
სააკაშვილის თქმითვე, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გამოთაყვანების და თავისუფლების წართმევის ყველაზე მარტივი გზა.
„ეს არის ერთი რუსი ოლიგარქის მიერ მცდელობა გამდიდრდეს ძალიან დიდად ერის გამოთაყვანების ხარჯზე. თუ ადამიანს უნდა თავისთვის და ერთი ორჯერ, სამჯერ მოწიოს, ნამდვილად არ გამიხარდება, არც ერთ დედას არ გაუხარდება, რომ მისი შვილი დაიჭირონ და ეს თუ ამ მხრივ იყო გადახრები ეს იყო დიდი შეცდომა. თუმცა ეს გადახრები ჰქონდა ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებს. ყველაზე სწრაფი გზა ქართული საზოგადოების დასრულებისთვის არის მარიხუანა. როგორც კი ივანიშვილი გაინაღდეს ნარკოკარტელს მერე იქ თავისუფლება დავივიწყეთ. იქნება მთლიანად მონოპოლიზირებული სტრუქტურა. მხოლოდ იქნება ის ხალხი, ის დამნაშავეები, რომლებიც ემსახურებიან ამ კარტერს. საქართველო განადგურდება,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტებში“.
გადაცემაში, ნიკა გვარამიამ სააკაშვილს ჰკითხა: რატომ გამოთაყვანდება ერი მარიხუანას ლეგალიზაციით, კულტივაციითა და გაყიდვით? აი მაგალითად, გამოთაყვანდა ჰოლანდია, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
„მითია, რომ ჰოლანდიაში ყველა ეწევა. მაგალითად, ერთი ჩემი ჰოლანდიელი ახლობელის მშობლებმა რომ აღმოაჩინეს მათი შვილი ეწეოდა მარიხუანას, მამამისმა სახლიდან გამოაგდო, დედამისი კი ექვსი თვე ფსიქოთერაპევტთან დადიოდა, იმხელა ტრავმა მიიღო ამ ამბით…
საკმაოდ კონსერვატიული დამოკიდებულებაა აქ. ეს საქართველოში გვიყვებიან და რუსული პროპაგანდაა, რომ ჰოლანდია არის აღვირახსნილობის ბუდე, სინამდვილეში ეს არის ძალიან ძლიერი ოჯახების ქვეყანა“ – განაცხადა სააკაშვილმა გვარამიას კითხვის საპასუხოდ.
მანვე აღნიშნა, რომ მარიხუანას სისტემატიური მოხმარება იწვევს IQ-ს მაჩვენებლის შემცირებას, შობადობასთან დაკავშირებულ და სხვა პრობლემებს.
მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი მოსაზრება და ამას, ნებისმიერი კვლევითი ორგანიზაცია ადასტურებს, რომელიც ამ მცენარეზე მუშაობს.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთივე პრობლემებს იწვევს ალკოჰოლი და რა თქმა უნდა, არც ერთის მოხმარების შემთხვევაში, ადამიანს არ უნდა იჭერდნენ.
მანვე გადაცემაში აღნიშნა, რომ მარიხუანა გაუსინჯავს, თუმცა არ მოსწონებია.
“მარიხუანა გამისინჯავს, თუმცა არ მომწონებია. მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ კი არასდროს ვყოფილვარ. ახლაც ატრიალებენ კადრებს მახათას მთაზე გადაღებულს და ამბობენ, რომ “განგრეულ კაიფში” ვარ, ამ დროს თავს უბრალოიდ შეუძლოდ ვგრძნობდი” – განაცხადა მან.