სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რევაზ ლაზიშვილი აცხადებს, რომ სამეგრელოში პოლიციელის დაკავებისა და ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობას ტოვებს.
„მე ვარ რევაზ ლაზიშვილი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი. მინდა განცხადება გავაკეთო თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა.
კერძოდ, პოლიციის თანამშრომლის, რუსლან შამახიას დაკავებამ, სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. მე შამახიასთან მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო თანამდებობა. არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე“ — განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ საკითხზე დამატებით საუბარს აღარ აპირებს.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების სახლში სპეცოპერაციები გუშინ, გვიან ღამით ჩატარდა.
დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. ამის შესახებ თავად ყოფილი სამართალდამცველები საუბრობენ.
მომხდართან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების განუცხადა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა.
სხვა კომენტარს ამ ეტაპზე შსს არ აკეთებს.