მაკა ზედელაშვილი ქართველი მულტიმედია არტისტია, რომელიც მსოფლიოს საკუთარ ხელოვნებას ოცდაათ წელზე მეტია უზიარებს. მისი სახელოვნებო მოღვაწეობა მოიცავს ვორქშოპებს, სიმპოზიუმებს, ფორუმებს, სოლო გამოფენებსა და კოლაბორაციებს. მაკას ნამუშევრები ინახება ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მსოფლიოს მასშტაბით.
რამდენიმე დღის წინ მაკას სოლო გამოფენა „ვარდნის ექო“ გაიხსნა, რომელზეც მან ამბასადორი კაჭრეთის რეზიდენციაში ყოფნის პერიოდში იმუშავა:
– გამოფენა მიმდინარეობს რია ქებურიას ფონდის საგამოფენო სივრცეში და ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს ერთი თვის მანძილზე შეეძლება. ეს ნამუშევრები დაკავშირებულია ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ, სულიერ ვარდნასთან და ეს გამოფენა არის ტრაგედიიდან გამოსვლის ზოგადი სახე. შევეცადე, რომ ამესახა ვარდნის სოციალური, ეგზისტენციალური, ფსიქოლოგიური, რელიგიური მნიშვნელობა და როგორ გავლენას ახდენს ეს ტრავმა ადამიანზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყველას გვაქვს დიდი და პატარა პრობლემები, ვფიქრობ, დამთვალიერებლებს აუცილებლად შეეხებათ ეს ნამუშევრები.
– მაკა, როგორც ვიცი, სარეზიდენციო პროგრამებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გაქვს.
– ჩემი გამოცდილება უკავშირდება, ძირითადად, გასვლითი ხასიათის, უცხოეთში რეზიდენციებს. ასეთი პროექტები მხატვრებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, გაიცნონ სხვა არტისტები, გაცვალონ კულტურა. უცხო გარემოში სხვანაირად ხდება საკუთარი ხელოვნების გადააზრება, სამუშაოს დაგეგმვა. მხატვრისთვის რეზიდენცია განვითარების კარგი საშუალებაა. რეზიდენციის ფარგლებში ეწყობა გამოფენები, მოდის ბევრი დამთვალიერებელი, იყიდება ნამუშევრები, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანია და განსაკუთრებით წამახალისებელია არტისტისთვის.
უახლოეს პერიოდში მივემგზავრები ეგვიპტეში, Empower Her Art Festival-ზე (შარშან ამავე ქვეყანაში Empower Her Art Forum-ში ვმონაწილეობდი), რომელიც საკმაოდ მასშტაბური ღონისძიებაა, მხატვრები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოდან ვიქნები მხოლოდ მე. ფესტივალზე ერთ-ერთი ბელგიური გალერეის მიერ ვიქნები წარდგენილი. ფესტივალის მონაწილეთა ნამუშევრები ეგვიპტის ერთ-ერთ წამყვან მუზეუმში გამოიფინება. ასევე, იგეგმება ჩემი სოლო გამოფენა გერმანიაში, რომლის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავასაჯაროებ.
– რას ნიშნავს მულტიმედია არტისტობა და რა გამოწვევები აქვთ ამ საქმიანობის წარმომადგენლებს საქართველოში?
– ძირითადად ფერწერაში ვმუშაობ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ციფრული მოდელირების მაგისტრი ვარ, ბევრ პროგრამას ვეხები. ვცდილობ, ტრადიციულ მედიაში აქტიურად გამოვიყენო ტექნოლოგიური სიახლეები, ეს ეხება AR-ს, VR-ს. ასევე ვცდილობ, ჩემი სათქმელი სხვადასხვა მასალაში განვავრცო და არ შემოვიფარგლო მხოლოდ ტილოთი. ახლაც, მიმდინარე გამოფენაზე, წარმოდგენილი მაქვს ინსტალაცია, რომელიც საკმაოდ კონცეპტუალური გამოვიდა.
– ასეთი მრავალმხრივი შესაძლებლობის მქონე არტისტი როგორ იმკვიდრებს თავს „ბაზარზე“?
– მულტიმედია არტისტს დღეს ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, რადგან მუდმივად გიწევს იყო სიახლეების საქმის კურსში. ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვითარდება და ფეხი უნდა ავუბათ მათ. აუცილებელია, არა მხოლოდ ტრენდებს იცნობდე, არამედ თავადაც ქმნიდე მათ და იყო მოვლენების ეპიცენტრში. დღეს ხატვა აღარ არის მხოლოდ ხატვისთვის (და, ალბათ, არც წინა საუკუნეებში იყო ასე). არიან მხატვრები, რომლებიც ხატავენ იმას, რასაც ბაზარი მოითხოვს და ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ როცა საქმე თანამედროვე ხელოვნებას ეხება, სადაც არავინ გზღუდავს და არავინ იჭრება შენს შემოქმედებით საქმიანობაში, მნიშვნელოვანია, შექმნა ხარისხიანი პროდუქტი და სწორად მიაწოდო მის შესახებ ინფორმაცია როგორც რიგით ადამიანებს, ისე მათ, ვინც შესაძლოა დაინტერესებული იყოს, საკომისიოს სანაცვლოდ, შენი ნახატების რეალიზებით.
– და რას ითხოვს დღეს ბაზარი?
– კოვიდპანდემიის შემდეგ ძალიან შეიცვალა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში მდგომარეობა, უფრო მეტად გაციფრულდა სამყარო. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლებამ და საქმიანობამ დისტანციურ რეჟიმში გადაინაცვლა, უფრო მეტად დავახლოვდით გაჯეტებთან, პოტენციური მყიდველიც და დამთვალიერებელიც მთლიანად სოციალური მედიის სივრცეში გადავიდა, აქ იგეგმება და ეწყობა გამოფენები. მნიშვნელოვანია, რომ სადაც შენი მომხმარებელია, შენც იქ იყო და იქ კომუნიცირებდე. შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად მიაწოდო აუდიტორიას შენ შესახებ ინფორმაცია, უნდა ფლობდე ენებს და სხვა, რათა სწორად პოზიციონირებდე „ბაზარზე“.
– ვინ არის შენი ნამუშევრების შეძენით დაინტერესებული?
– ძირითადად არიან ფიზიკური პირები, კოლექციონერები. თუმცა მაშინ, როდესაც შუამავალი (გალერეა ან პლატფორმა) ყიდის ჩემს ნამუშევარს, არ ვიცი, ვინ ყიდულობს მას, რაც სენსიტიური თემაა ჩემთვის, რადგან ყოველთვის მირჩევნია ვიცოდე, სად ინახება ჩემი ნამუშევარი. იშვიათად არის, რომელიმე ნამუშევარს ვერ შეველიო, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად უნდა გაიყიდოს. თავს იმით ვინუგეშებ ხოლმე, რომ წინ კიდევ ბევრი მაქვს შესაქმნელი.
– რამდენად არის დაზღვეული არტისტი თაღლითობისგან ონლაინ პლატფორმაზე ნამუშევრების გაყიდვის დროს?
– პირადად მე, საბედნიეროდ, თაღლითებს არასდროს გადავყრივარ. მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, რომ ნამუშევარი დანიშნულების ადგილას არ ჩავიდა, თუმცა შუამავალმა კომპანიამ სრულად აანაზღაურა ნამუშევრის ღირებულება. ე.წ. „სკამერები“ (ინტერნეტ თაღლიეთები), რა თქმა უნდა, მომრავლებულები არიან ციფრული ხელოვნების სფეროშიც, მაგრამ არარეალური მყიდველისგან თავის დაცვას გამოცდილი ხელოვანი ყოველთვის მოახერხებს.
– როდესაც ვირტუალურ სივრცეში ათავსებ საკუთარ ნამუშევარს, რამდენად არის დაცული საავტორო უფლებები, რადგან არცთუ ისე იშვიათია სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვა არტისტის ნამუშევრების უნებართვოდ განთავსების შემთხვევა, ზოგიერთი პირი, საერთოდაც, საკუთარ ნახატად „ასაღებს“ სხვის ნამუშევარს.
– ამისგან არავინ ვართ დაცულები. იდეის ინტერპრეტაციაც ისე ხდება, რომ შეიძლება ვერც მოედავო ვინმეს საავტორო უფლებებზე. მთავარია, არ გავჩერდეთ და მუდმივად ვიყოთ ახალი იდეების ძიებაში.
– წიგნების დასურათებაზეც ვისაუბროთ, რომელიც შენი საქმიანობის განუყრელი ნაწილია და შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროც.
– წიგნებს დიდი ხანია, რაც ვასურათებ (ასევე ვქმნი ილუსტრაციებს აპლიკაციებისთვის, თამაშებისთვის). ჩემი საქმიანობის ეს მიმართულება განსაკუთრებულად მიყვარს, არა იმდენად შემოსავლიანობის, არამედ სუფთად შემოქმედებითი კუთხით. ყოველთვის გულდასმით ვკითხულობ წიგნს და შემდეგ დიდხანს ვფიქრობ წაკითხულისთვის ვიზუალურ ხორცშესხმაზე. ძალიან საინტერესოა ავტორებთან ურთიერთობაც, ისინი, ხშირ შემთხვევაში, თანაშემოქმედები არიან, მიწევს მათი აზრის გათვალისწინება, მათთან ერთად ვქმნი წიგნების ყდებს და ილუსტრაციებს. წიგნი, რომელიც ამ ბოლო დროს დავასურათე, ერთ-ერთი უკრაინელი მწერლის, სერაფიმა სიროსკას ეკუთვნოდა, რომელშიც იგი საკუთარი ოჯახის ისტორიას ჰყვება. წიგნი უკრაინაში უკვე იყიდება და ძალიან მალე საქართველოშიც ვიხილავთ.