რუსთავში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის კაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი აგრესიას მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მისამართითაც გამოხატავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი შვილზე ფიზიკურად ძალადობას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება ადგილზე მყოფმა ადამიანებმა არ მისცეს.
ინცინდენტის შემდეგ შეუძლოდ გახდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის შვილი. გოგონას დახმარება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზე აღმოუჩინა.
როგორც მამაკაცის მეუღლემ, ხათუნა წიქარიშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, კაცის მხრიდან ოჯახის სხვადსხვა წევრი ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ ყოფილა. ხათუნა წიქარიშვილის თქმით, მამაკაცს გოგონასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა, თუმცა შემაკავებელ ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.
“მე რომ დამიკავშირდნენ მითხრეს, რომ თქვენი მეუღლე არის მაღაზიაში მოსული, არის ძალიან მთვრალი და შეურაცხყოფას აყენებს მაღაზიის გამყიდველსო. ჩემი გოგო მაგ მაღაზიაში მუშაობს დამხმარედ. ჩემს გოგოს და გამყიდველს აყენებდა შეურაცხყოფას. იღებდა მაცივრიდან ლუდის ბოთლებს და იქვე ლეწავდა. რომ ჰკითხეს, რატომ აკეთებდა, მერე ფული შეუყრია სახეზე, გავტეხე რა მოხდაო. ამ დროს ადამიანები მისულან. არ ვიცი, რომელს მოჰკიდა ხელი, ჯანჯღარი დაუწყო, აგინა, ლანძღა ყველა ვინც შევიდა მაღაზიაში, რომ გამოეყვანათ მაღაზიიდან. ყველაზე იწევდა. როცა სვავს ყოველთვის მასეა. შემაკავებელი ჰქონდა ჩემს გოგოზე გაკეთებული. 2 დღეა , რაც გაუვიდა შემაკავებელ ორდერს ვადა. ამიტომ გაბედა და მივიდა მაღაზიაში.
შემაკავებელი ორდერი იმიტომ ჰქონდა გამოწერილი, რომ 1 თვის წინ მოვიდა სახლში მთვრალი შუაღამისას, ჩხუბობდა, ყველას გვეჩხუბებოდა. სკამი აიღო და ჩემს დიდ გოგოს ურტყამდა. ამ ერთი თვის მანძილზე ჩვენთან არ ცხოვრობდა. მაგრამ გუშინ საღამოს დამირეკა ჩემმა მეუღლემ და დამემუქრა მოკვლით, მოგკლავთ და გადაგწვამთო. მე ვითხოვ, რომ სანამ სასამართლო დამთავრდება, მანამდე დაიჭირონ, შემდეგ კი სასამართლოც მიუსჯის სასჯელს“, – განაცხადა ხათუნა წიქარიშვილმა.
“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.