გიგა ავალიანის დედას ეკა კუპატაძეს გიგას მეგობრები ესტუმრნენ, რასაც სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არასდროს მყოლია ისეთი ძვირფასი სტუმრები, როგორიც მყავდა დღეს!
გთხოვთ, არ მიწყინოთ, ბავშვობიდან მიყვარს სტუმარი, ჭიშკართან გაჩერებული მანქანა და ჩვენი ყიჟინა ერთი იყო, მაგრამ დღეს, გიგას თანაკურსელები მესტუმრა….
არ გვიტირია, ერთი-ორჯერ შეგვიკანკალდა ხმა და გადავყლაპეთ ცრემლი….
ხალისით ვიხსენებდით ჩემს გენიოს და უთბილეს შვილიკოს,“ – წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა.
არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.
