LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა – „არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა“

128
დაკავება

„საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა“ – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით.

პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით.

რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g