სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს – ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზე იყო მხილებული. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისას და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გატაცებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
