არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა, – ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ.
“ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.
ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და
10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
– გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
– გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
– გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
– გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ფეისბუქპოსტზე წერს, რომ ხვალ, პირველი ივლისიდან აღარ გააგრძელებს საქმიანობას ამ თანამდებობაზე, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
ჟვანია აღნიშნავს, არ აპირებს პოლიტიკაში წასვლას და საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.
ამავე თემაზე:
ოლიგარქი ვირეშმაკურად თამაშობს – ჩარკვიანი ჟვანიას გადადგომაზე
არ შეიძლება, მისი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებს დავუკავშიროთ – სარჯველაძე ჟვანიას გადადგომაზე
არ მჯერა, რომ დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას – სამნიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე
“ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა” – ხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე