LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკის გამო პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია“ – სახალხო დამცველი

130
Untitled design

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და ასაკის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 1 ივნისს მიიღო:

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა, 60 წელს მიღწეული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბლანკეტურ შეზღუდვას აწესებდა და მიუხედავად ჯანმრთელობის და ფუნქციური მონაცემებისა, ათავისუფლებდა თანამდებობიდან.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით შეაფასა და განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული შრომითი ურთიერთობების ერთობლიობა გარკვეულწილად სახელმწიფო რესურსია, რომელზე წვდომაც თითოეულ მოქალაქეს თანაბრად უნდა გააჩნდეს.

შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც არ ითვალისწინებდა პირთა შეფასების საფუძველზე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, არ იყო რაციონალურ კავშირში პენიტენციური სამსახურის ეფექტიანი და შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან.

ამგვარად, სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა ასაკობრივი ნიშნით დაწესებული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება“, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g