აშშ და ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “Financial Times” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილება ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს ორ თვეში დააწესებენ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ახალი სანქციები იმ ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შეეხებათ, რომლებიც ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტში უშუალოდ იყვნენ გარეული.
რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ჯერ კიდევ იანრავში უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კურტ ვოლკერმა მაშინ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სანქციებს იმ შემთხვევაში განიხილავდა, თუ რუსეთი უკრაინელი მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებას არ დათანხმდებოდა.
ცნობისთვის, 2018 წლის 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს.