ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში თქვა:
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას კრძალავს.
ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
უწყების თქმითვე, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.
შეგახსენებთ, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2022 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე აღდგება.
ლავროვი: „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის პროექტებს მივესალმები“
ამის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.
ამავე თემაზე: