თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება.
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია.
მოლდოვა არის დე-სე-თე-ს წევრი ქვეყანა და მათი სიფრთხილე დასაშვებია, საქართველოს შემთხვევაში კი არც სიფრთხილე შეიძლება და არაფერი არ არის დასაშვები საქართველოსთვის. ასეთ პირობებში ცალსახაა ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, მთავარია არა შეფასება, არამედ რეალობა და რეალობა არის ერთადერთი, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოქმედებს ერთადერთი მიზნით, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ ვინ როგორ შეგვაფასებს, იქნება ეს დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი თუ აღმოსავლეთი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.