„მერწმუნეთ, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი საქართველოს ომი ვერ იქნება.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ხომ, ეს არის ცნობილი ფაქტი. ეს არის მდგომარეობა, რაც არის ფაქტობრივი მოცემულობა. ხშირად ისმის ფრაზა, რომ იქ მიმდინარე ომი არის საქართველოს ომიც. ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, ომი საქართველოსთვის ნახევრად მისი ვერ იქნება. ნახევრად საქართველოსი ეს ომი ვერ იქნება. ომი უნდა იყოს ან შენი ამ შემთხვევაში, ან არ უნდა იყოს შენი. სინამდვილეში, ვინც ამბობს, რომ ის ომი არის საქართველოს ომიც, მიანიშნებს იმაზე, რაზეც საუბრობდა კასიანოვი. მათ უნდათ, რომ ეს ომი გახდეს სრულად საქართველოს ომიც, ანუ ისინი ოცნებობენ მეორე ფრონტზე საქართველოში. ანუ მათი განზრახვა და მოტივაცია, როდესაც საუბრობენ, არის სწორედ ეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეროვნული ამოცანები და კონკრეტული დაკვეთა მოსახლეობისგან, რომელმაც მხარი დაგვიჭირა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს დაკვეთა არის, რომ საქართველოში შენარჩუნებული უნდა იყოს მშვიდობა. მერწმუნეთ, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.