აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, აქამდე არსებულ სანქციებზე კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი წარედგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი – სამხრეთ კაროლაინის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი) მიმდინარე წლის 13 თებერვალს აშშ-ის სენატში შეიტანეს კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA). კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა გაზარდოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.
კანონპროექტის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ „რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი.
ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოვლისმომცველი პოლიტიკური მექანიზმების შექმნას – მაგალითად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სანქციების კოორდინირებისათვის ახალი პოლიტიკური ოფისის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს აშშ-ის მიერ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. ის ასევე მხარდაჭერას გამოხატავს ნატოსადმი და უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე აშშ-მა დატოვოს ნატოს რიგები.
„არ შეიძლება, პუტინის ქმედებების მოთმენა, უმოქმედობის მყისიერი შედეგია სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონული არასტაბილურობა, უკრაინელი მეზღვაურების გატაცება, უკრაინული გემების მიტაცება და საერთაშორისო ნორმების ეროზია. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზეწოლას მანამდე სანამდე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხისშემცველ რეალობას; ამავე დროს, იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს,“ – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) განცხადებაში.
„ჩვენი მიზანია შევცვალოთ სტატუს-კვო და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ მნიშვნელოვანი სახის სანქციები და ზომები. … ამ აქტში ასახული სანქციები და სხვა სახის ზომები, აქამდე ოდესმე არსებულ ზომებზე უფრო ძლიერია – იგი პირდაპირი პასუხია პუტინის დაუოკებელ სურვილზე, რომ ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზომები მიმართულია, რომ მაქსიმალურად, ყველაზე უფრო ძლიერი სახით უპასუხოს პუტინის ქმედებებს,“ – ნათქვამია აქტის თანასპონსორი სენატორის, გრემის (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლაინას შტატი) განცხადებაში.
„კონგრესი განაგრძობს, რომ მოწინავე როლი შეასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-სა და საზღვარგარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიასთან ბრძოლაში,“ – აღნიშნულია აქტის თანაპონსორი სენატორის, კარდინის (დემოკრატი-მერილენდის შტატი) მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სენატორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) განმარტებით კი, „პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას.“
აქტის თანასპონსორი სენატორი შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი) აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს ახალ ელემენტებს, კერძოდ რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ რუსეთისადმი აწესებს სანქციებს.
„ასევე საკანონმდებლო აქტი შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, კერძოდ ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (National Fusion Center), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში; მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, ის კანონის ძალას მიიღებს.