“ადამიანებს, რომლებიც იღებენ სხვადასხვა მედიკამენტს, ან აქვთ დაავადებები, რომლებიც იმუნიტეტს აქვეითებს, შესაძლოა არ ჰქონდეთ ადეკვატური დაცვა კოვიდვაქცინის წინა ორი დოზისგან და უფრო სავარაუდოა, რომ ისინი დაცვას მიიღებენ მესამე, ე.წ. “ბუსტერ-დოზისგან,” – განაცხადა ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირების მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცა.
ინფიცირების ზრდის გამო აშშ გეგმავს, მესამე დოზით ვაქცინაცია რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს: ფაუჩი
როგორც ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებმა, რომლებიც აშშ-ს მოსახლეობის 3 %-ს წარმოადგენს, უნდა გაიკეთონ “ფაიზერის” ან “მოდერნას” მესამე დოზა.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მესამე დოზის სარგებელი მაღალია ტრანსპლანტანტ პაციენტებს შორის.
ორგანოგადანერგილ ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 15%-ს ჰქონდა იმუნური პასუხი პირველ და მეორე დოზაზე. მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა კი დაადგინა, რომ იმ ადამიანების მეოთხედმა, რომლებზეც ეფექტიანად ვერ იმოქმედა ვაქცინის ორმა დოზამ, მაღალი დაცვა აჩვენა მესამე, “ბუსტერის” მიღების შემდეგ.
“სხვა პირები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები, არიან ადეკვატურად დაცულები და ამ დროისთვის, არ სჭირდებათ კოვიდვაქცინის დამატებით დოზა.” – განაცხადა FDA-ს მოქმედმა კომისარმა დოქტორმა ჯანეტ ვუდკოკმა.
შეგახსენებთ, ჯანმო-ს მოწოდების პარალელურად – მინიმუმ, სექტემბრის ბოლომდე “ბუსტერ” დოზებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ვაქცინები ღარიბი ქვეყნებისთვისაც იყოს საკმარისი – დღითიდღე იზრდება იმ ქვეყნების რიცხვი, რომლის ხელისუფლებაც მოქალაქეების გარკვეული კატეგორიის მესამე დოზით ვაქცინაციას გეგმავს. მათ შორის არის ისრაელი, გერმანია, უნგრეთი და საფრანგეთი.