საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, 250 ათასი დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის სააგენტოს მიერ ნაჩუქარი აღჭურვილობა საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებზე გადანაწილდება.
“DTRA-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი „Tyvek”, დამცავი ხელთათმანებით, ქუდითა და ბახილებით. აღნიშნული აღჭურვილობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





