LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და აგრძელებს ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას: ენტონი ბლინკენსა და დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა

61
FORTUNA.GE- (1)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ენტონი ბლინკენისა და დმიტრო კულებას კომუნიკაციისა და საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე გააგრძელებს მისთვის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას:

“სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს ტელეფონით ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასთან. მდივანმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომელიც პრიორიტეტია აშშ-სთვის.

სახელმწიფო მდივანმა პირობა დადო, რომ შტატები გააგრძელებს უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას.

მდივანმა ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა უკრაინის მნიშვნელობას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კანონის უზენაესობისა და იმ ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, რომელიც გააძლიერებს უკრაინის ინსტიტუტებს და უზრუნველყოფს ყველა უკრაინელის ნათელ და წარმატებულ მომავალს.

მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განიხილეს უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯები კოვიდპანდემიასთან ბრძოლის მხრივ. მხარეებმა ასევე განიხილეს ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სხვადასხვა დიპლომატიური შესაძლებლობა.” – წერია გამოქვეყნებულ ტექსტში. 

სატელეფონო საუბრის შესახებ, მოგვიანებით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც:

“დღეს ჩვენს პირველ სატელეფონო საუბარში დავადასტურეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ჩვენ შევთანხმდით ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ახალი დღის დაწყებაზე.” – წერს დმიტრო კულება და მადლიერებას გამოთქვამს აშშ-ს მიმართ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები