LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი ლელა ნინუა: „ემიგრანტი” ჩემთვის ძალიან სევდიანი სიტყვა, დაუსრულებელი წიგნია… ძალიან ცუდი „საჩუქრები” მერგო, დიდი იმედგაცრუება ვიგემე…“

194
ლელა ნინუა

ჟურნალისტი ლელა ნინუა წლებია, ამერიკაში ცხოვრობს შვილებთან ერთად.

მისთვის იოლი არ იყო ახალ გარემოში თავის დამკვიდრება, მაგრამ შრომით, დაუღალავი ბრძოლით ეს მოახერხა და ნელ-ნელა კიდევ უფრო წინ მიიწევს, როგორც ამბობს, იმ სანდო და ერთგული ადამიანების მხარში დგომით, რომლებიც წლებმა გამოცადა… თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ ლელა ნინუა ჟურნალ „გზას“ ესაუბრა.

– „ემიგრანტი” ჩემთვის ძალიან სევდიანი სიტყვა, დაუსრულებელი წიგნია. ამ სიტყვაში ვხედავ როგორც მუქ ფერებს, ასევე წარმატებულ, ლამაზ პორტრეტებსაც, რომლებმაც შეძლეს და ისეთი სწორი ნაბიჯები გადადგეს, რასაც სხვა ადამიანები აღტაცებაში მოჰყავს. ზოგადად, ყველაფერი აბსტრაქციაა. სამყაროში ჩვენ ვქნით რაღაცებს, რაღაცები კი ბედისწერით გვეძლევა და ე.წ. თითის გაშვერის პოლიტიკა ქვეცნობიერად გვაძლევს საშუალებას, სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, თავიდან ავირიდოთ შეცდომები. ამერიკაში ცხოვრების თავიდან დაწყება ერთგვარი გამოწვევა იყო: რამდენად ძლიერი ვიყავი საიმისოდ, რომ უცხო ქვეყანაში ჩემი თავი მეპოვა; შევძლებდი კი დიდი ტკივილების ისე გადატანას, რომ სული არ დამმახინჯებოდა. ჰოდა, მე ეს შევძელი. ვფიქრობ, ისიც შევძელი, რომ აქ, ერთ დროს ჩემთვის უცხო მიწაზე ვაჟები მხოლოდ კი არ გავზარდე, არამედ ღირსეულ ადამიანებადაც აღვზარდე და დღეს ჩემი შვილებით ნამდვილად ვამაყობ.

ჩემთვის ღირებულებები არ ფასდება ფულით, ქონებით, დიდი ფუფუნებით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზია, მომხიბვლელი და საჭიროა ვიღაცებისთვის, ჩემთვის კი დიდი ბედნიერება იცით, რა არის? ის, რომ გვერდით მყავს ძალიან ერთგული, ჩემზე შემდგარი და წარმატებული ადამიანები, რომლებიც კედელივით მიმაგრებენ ზურგს. საქართველოში ყოფნისას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჟურნალისტიკაშიც მყავდა ჩემი გურუები – ადამიანები, რომლებსაც ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით აზრს ვეკითხებოდი, მაგრამ ემიგრაციაში ყოფნისას დგება მომენტი, როცა ხარ სრულიად “ცარიელ ადგილზე” და შენ ან უნდა ააშენო სახლი, ან ააგო ნავი, ვერტმფრენი…

როცა ერთი შეხედვით ამ ცარიელ სივრცეში დგახარ, ბოროტიც და კეთილიც გიგზავნის ყველანაირ ენერგეტიკას. აქ შეიძლება დაიკარგო. ჩემთანაც იყო “ჩავარდნები”, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რადგან არასდროს არაფერზე გავიყიდე და არასდროს მითქვამს, რომ ყველაფერში მართალი ვარ. ჰოდა, ალბათ ამიტომაც დამასაჩუქრა სამყარომ კარგი ადამიანების გვერდით ყოფნით. ვფიქრობ, თუ ცხოვრებაში გყავს თუნდაც ერთი ადამიანი, რომლის ნდობაც თვალდახუჭულს შეგიძლია, ეს დიდი მონაპოვარია და უნდა იფიქრო, რომ მიაღწიე სამყაროსგან უდიდეს საჩუქარს; ამაზე დიდსა და ძვირფასს ვერაფერს შეიძენთ… თავიდან ძალიან ცუდი „საჩუქრები” მერგო, დიდი იმედგაცრუება ვიგემე, რომელზე საუბარიც ალბათ ახლა არ იქნება მიზანშეწონილი და თანაც, მე ვარ ადამიანი, რომელსაც პატიება შეუძლია და მერწმუნეთ, ამის გამო სამყაროსგან დადებითი ბონუსები მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები