LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატა გაგუა: „ჭარბი წონის შემთხვევაში სრული შიმშილი და განტვირთვის დღე არ ამართლებს“

2331

შესაძლებელია თუ არა სასურველ ფორმაში ჩადგომა ახალ წლამდე 2 კვირით ადრე, რამდენად ეფექტურია ”ვარსკვლავური” დიეტები და ის გასახდომი საშუალებები, რომლებიც აფთიაქში იყიდება, არის თუ არა ხანგრძლივ მოქმედი დღეს ასე პოპულარული ”დუკანის დიეტა” და არსებობს თუ არა იდეალური მენიუ საახალწლოდ. ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში ”სტუმრად ექიმთან” ნუტრიციოლოგმა ნატა გაგუამ ისაუბრა.

ახალ  წლამდე დარჩა 2 კვირა, ყველას სურს იყოს განსაკუთრებულ ფორმაში. თუ არის რაიმე ისეთი დიეტა, რომელიც მოკლე ვადაში სასურველ ფორმაში ჩაგვაყენებს…

ჩვენი საზოგადოება ორი პერიოდისთვის ემზადება საგანგებოდ, ეს არის ახალი წელი და ზაფხული. ზამთარში ძალიან მაღალია ვირუსით დაავადების რისკი, ამიტომ თქვენს მსმენელს ვთხოვ, რომ ამ დროისთვის რადიკალურ დიეტებს თავი აარიდონ. საახალწლო პერიოდში ვერ გავექცევით მძიმე და კალორიული საკვების მიღებას და შეიძლება უკურეაქცია მივიღოთ, დაბრუნდეს დაკლებული წონა და გამოვიწვიოთ რაიმე დაავადებაც. პირველ რიგში ჯანსაღი კვება გულისხმობს ყოველდღიურად მრავალფეროვანი საკვების მიღებას. განსაკუთრებით მათთვის, ვინც მარხვაზეა, ვიტყვი, რომ შეუძლიათ იკვებონ მრავლფეროვნად. სასურველია კვებისას ყველა ჯგუფის პროდუქტი გამოვიყენოთ. საკვები უნდა მივიღოთ ჯერადად და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გამოყენებული პროდუქტის ხარისხი და მომზადების წესი. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის სწორი მიღება. ერთ კილოგრამ მასაზე აუცილებელია 30 მლ წყალი, თუმცა ეს წესი ეხება ნორმალური წონის მქონე ადამიანებს. თუკი საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან, ან სიმსუქნის ხარისხია, საშუალოდ 2 ლიტრი წყლის მიღებაა საჭირო. წყლის მიღების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ჭამამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე და ჭამიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ.

რას გულისხმობთ მრავალფეროვან საკვებში, როგორი უნდა იყოს მენიუ?

ბოსტნეული, სეზონური ხილი, აუცილებელი არ არის ცივ ამინდებში მხოლოდ ცოცხლად მივირთვათ, შეიძლება გრილზე შეწვათ, ან ჰაერღუმელში გამოვაცხოთ. კარგია რძის ნაწარმი, ბურღულეული დილით და ვინც არ იცავს მარხვას, კარგია თევზი და ხორცი განსაკუთრებით სადილის დროს. ჯანსაღი წესისთვის მთავარია ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა, თუ ჩვენ იმ დროს, როდესაც ვფიქრობთ რას ვღებულობთ, როგორ ვღებულობთ, ვართ მშვიდად, ყოველთვის ვახერხებთ მივიღოთ დოზირებულად. თუკი აფორიაქებულია ადამიანი, ვერ ნაყრდება, ვერ აკონტროლებს ის საკუთარ საქციელს. ნელა კვება უმნიშვნელოვანესი პრინციპია, ჩვენს ფსიქოემოციურ ფონზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

ყოველდღიურად ინტერნეტში გვხდება სხვადასხვა ”ვარსკვლავური დიეტა”, რამდენად სწორია მივდიოთ მათ რჩევებს?

”ვარსკვლავური დიეტები” იმიტომ არის პოპულარული, რომ წონას სწრაფად აკლებინებს. ადამიანი უნდა დაფიქრდეს რის ხარჯზე იკლებს, ცხიმოვანი ქსოვილის, თუ კუნთოვანი ქსოვილის ხარჯზე, წყლის დაკარგვის ხარჯზე, თუ საკუთარი ნერვული სისტემის უკიდურესად გადაძაბვის ხარჯზე… ჩვენ მხოლოდ მინუს კილოგრამები არ უნდა გვაინტერესებდეს, მნიშვნელოვანია თმა, კანი, შრომისუნარიანობა. კონკრეტული დიეტა კონკრეტულ ადამიანზეა მორგებული. თუ პროდუქტები, რომლის მეშვეობითაც შედგენილია დიეტა არ გიყვართ, მე გირჩევთ არ დაიცვათ ასეთი დიეტა.

რას იტყვით დუკანის დიეტაზე, ძალიან ბევრმა ადამიანმა საქართველოში წონაში სწორედ მისი მეშვეობით დაიკლო…

ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი არის სანთლით საძებნელი. დუკანის დიეტა 70-იანი წლებიდან გამოჩნდა და ვერ ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილება დააგროვა. არის კლასიკა, კლასიკური ნუტრიციოლოგია, რომელმაც გაუძლო დროს, რომელიც მეცნიერთა ჯგუფების მიერ არის შედგენილი, არის კიდევ მასკულტურა. ის რაც სწრაფ შედეგს გვაძლევს და რაც ძალიან მოგვწონს, არ ნიშნავს, რომ ეს კარგია.

რა არის ის ძირითადი კვლევები, რასაც ადამიანი გადის მანამ, სანამ თქვენ მასთან მუშაობას დაიწყებთ?

ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ადამიანის ანამნეზი, რა დაავადებები გადაიტანა, როდის გაექცა წონა… სხვდასხვა კვლევების გათვალისწინებით ვიწყებთ ერთად მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი პაციენტები პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები, წონის კლების მიხედვით, თუ როგორ გრძნობს თავს, ყოფნის თუ არა ულუფა, რა დადებითი და უარყოფითი ჩივილები აქვს, რაციონში შემაქვს კორექცია და ვაღწევთ შედეგს. გარდა იმისა, რომ დაიკლო წონაში, მას აქვს ცოდნა, მართოს წონა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს არის, იმიტომ, რომ პაციენტი ინარჩუნებს მიღწეულ შედეგს. წლები ისე გადის, რომ მათ პრობლემები აღარ აქვთ. იმდენად ჰარმონიულია მათთვის ახალი კვების მოდელი, ვერც კი გრძნობენ, რომ რაიმე შეზღუდეს.

თქვენი წარმატების საიდუმლო არის ის, რომ პატივს სცემთ თქვენი პაციენტების არჩევანს, თქვენ გიყვართ ისინი, არ ხართ რადიკალური და არ უკრძალავთ დღესასწაულებზე ცოტათი თავის განებივრებას, მაგალითად გოზინაყს და ჩურჩხელას ახალ წელს…

მე არ მომბეზრდება ჩურჩხელასა და გოზინაყზე საუბარი, ყველა ინგრედიენტი არის ჯანსაღი და თუკი დაცულია რეცეპტი, მართალია კალორიულია, მაგრამ მე ვფიქრობ, 2-3 დღე არაფერს ”დააშავებს”, ყველა ჩვენგანში ხომ მაინც ბავშვი ცხოვრობს. ჩემი რჩევაა, იყოს კალორიული პროდუქტი, მაგრამ იყოს ჯანსაღი. იმისათვის რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები არ შეგვექმნას, ერთ დღეში ბევრი ნიგოზი არ მიიღოთ, ჩურჩხელა, ფხალეულობა, გოზინაყი, საცივი… ალკოჰოლს რაც შეეხება, ასევე დოზირებაა მნიშვნელოვანი. შეარჩიეთ მხოლოდ ერთი სასმელი, არევა არ არის კარგი. რომელი სასმელიც ერგება, ის უნდა მიიღოს, თუკი ადამიანს სურს არ დაარღვიოს საკვებით და დაარღვიოს სასმელით, კარგია ღვინოსთან ყველი, მეორე დღეს ადამიანი თავს უფრო მსუბუქად იგრძობს.

საახალწლო სუფრაზე ბევრია გამომცხვარი…

რაც ყველაზე ძალიან გხიბლავთ, ის აირჩიეთ. თუ გიყვართ ხაჭაპური, აირჩიეთ ხაჭაპური, ახალი წელი მხოლოდ კვება ხომ არ არის, ხომ უნდა ვიმხიარულოთ, ვიცეკვოთ. წარმოიდგინეთ, ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი ყველაფერი ერთად – რა ხდება კუჭში. მთავარია მეტი დადებითი ემოცია და ნაკლები ჭამა-სმა.

დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ წყლის სარგებლიანობაზე, საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ სულაც არ არის საჭირო დიეტა, წყალი ისედაც გამოიწვევს წონაში კლებას…

წყალი სტრატეგიული მნიშვნელობის სითხეა, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეკოლოგიური მდგომარეობა ასეთი მძიმეა. წყალი გვეხმარება მარტივად გამოვიტანოთ ის ალერგენები, რაც  დღის განმავლობაში გროვდება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, როგორ ვიკვებებით. მე არ მჯერა, რომ წყლით ვინმე დაიკლებს, მჯერა იმის, რომ შიმშილი დაიკმაყოფილა წყლის მიღებით. როდესაც წყალს ვიღებთ, ისე ძალიან აღარ გვშია. უზმოზე ორი ლიტრი წლის მიღება რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, ხშირად მეკითხებიან, ყავა და ჩაი თუ ანაცვლებს წყალს, არა, არ ანაცვლებს, თუკი ყავას ვსვამთ, უფრო მეტი წყალი უნდა მივიღოთ, შარდმდენი ეფექტი აქვს და იმიტომ.

რას იტყვით ე.წ. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე…

გონივრული განტვირთვის დღეები, მაგალითად მონო დიეტა და არა მხოლოდ წყალი კარგია. როდესაც გვინდა წონაში დავიკლოთ, ჭარბი წონის შემთხვევაში არ ამართლებს სრული შიმშილი. არ შეიძლება დღეს მე მივირთვა შაურმა, ხაჭაპური, ხვალ ვიშიმშილო და ზეგ ისევ სწრაფ კვებას მივმართო. განტვირთვამდეც და შემდეგაც მნიშვნელოვანია ჯანსაღად კვება.

ახალი წლის შემდეგ გვეწყება ხოლმე დეპრესია, იმიტომ რომ ბევრი მივირთვით და მოვიმატეთ წონაში… როგორია თქვენი მოსაზრება გასახდომი პრეპარატების ან ჩაის მიმართ?

გასახდომი საშუალება მხოლოდ ექიმმა უნდა დანიშნოს. არის პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტების მიერ ინიშნება და არის კიდევ ბიოაქტიური პრეპარატი, რომლის წინააღმდეგიც მე სულაც არ ვარ. როდესაც პაციენტი შედის აფთიაქში და თავად ირჩევს რომელიმე მათგანს, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიიღოს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ყველა ბიოაქტიური საშუალება არის შარდმდენი, ან საფაღარათო საშუალება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წნევის ვარდნა, გამოფიტვა და ა.შ.

რას იტყვით ქატოზე?

ქატო არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ძალიან სასარგებლოა თუკი გონივრულად გამოვიყენებთ, როგორც გასახდომ საშუალებას, ან კუჭის მოქმედებისთვის. ქატო არის უჯრედისი, ის სხვადასხვანაირია, შეიძლება იყოს, შვრიის, ხორბლის, წიწიბურის, ბრინჯის და გასტროენტეროლოგები რაციონში მას   ხშირად ნიშნავენ. ქატოს არ ვურჩევ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ქორონიკული დაავადებები აქვთ, მათთვის კი ვინც არის ცილოვან დიეტაზე აუცილებელია, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ გადალახონ ყაბზობა. ცილოვანი დიეტა შედის რადიკალური დიეტების რიცხვში და პოპულარულია იმიტომ, რომ სწრაფად აკლებინებს, მაგრამ ხშირად კუნთების გალევის ხარჯზე. ექიმის გარეშე, რადიკალურ დიეტებს ნუ მიმართავთ.

რა რეკომენდაციებს მოგვცემთ ადამიანებს, რომლებიც ვემზადებით ახალი წლისთვის?

დიეტა არ არის აკრძალვა, ეს თქვენი არჩევანია და უნდა მოირგოთ ისეთი მოდელი, რომელსაც დიდ ხანს ხალისით შეასრულებთ. ურთულესი პერიოდია პირველი სამი კვირა. ბავშვებს რაც შეეხება არასოდეს კატეგორიულად არ აუკრძალოთ საყვარელი პროდუქტი, სჯობს დაითანხმოთ, მოეფეროთ, რაღაც შუალედი უნდა მონახოთ. რაც შეეხებათ ორსულებს, თქვენს მიერ მიღებული საკვები გამოიყენება თქვენი შვილის საშენ მასალად. თქვენს მიერ არჩეული საკვებით ყალიბდება პატარას ორგანოები, ამაზე მეტს მომავალ დედებს ვერაფერს ვეტყვი. ყველას ვუსურვებ ბედნიერ ახალ წელს. მიუხედავად სოციალური მდგომარეობისა, მოეფერეთ საკუთარ თავს, ვეცადოთ ჯანსაღი კვებით ხელი შევუწყოთ ბრძოლას არსებობისთვის.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები