15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ფილტვის სიმსივნის ბოლო სტადიით 5 წელი ვინმეს ეცოცხლა, დღეს გასაოცარი შედეგები გვაქვს - კლინიკური ონკოლოგი ივანე კილაძე

გადაცემის ლაივი LIVE

მოიმატა თუ არა, ფილტვის კიბოს სტატისტიკამ კოვიდ გადატანილ პაციენტებში, რატომ ხდება ფილტვის სიმსივნის გვიანდელ სტადიაზე აღმოჩენა და როგორია მკურნალობის მეთოდი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”, კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმი, კლინიკური ონკოლოგი ივანე კილაძე საუბრობს.

-ბატონო ივანე, საინტერესოა როგორ ხდება დიაგნოზის დასმა და რა ხდება შემდეგ, რა ეტაპები მოდის?

ივანე კილაძე: ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებდე, მინდა კომენტარი გავაკეთო გენეტიკაზე,როგორც რისკ-ფაქტორზე. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად სტატისტიკისა, ჩვენი კლინიკა იყო იმ ჯგუფის წევრი, რომელმაც გენეტიკური ფაქტორი გამოიკვლია საქართველოში. ეს მოხდა ლუგარის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაწილეობით. ჩვენს მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევაში 100 ადამიანიდან ვისაც ჰქონდა რისკი, მუტაცია მხოლოდ 9-ს აღმოაჩნდა. მხოლოდ 9 ადამიანი აღმოჩნდა ამ გენის მატარებელი.

-მინდა გკითხოთ მომართვიანობაზეც. საბედნიეროდ, ბოლო დროს ექიმები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში პაციენტებში გაიზარდა ექიმთან მიმართვიანობის მაჩვენებელი და უკვე გვაქვს ეს კულტურა, რომ ექიმთან მხოლოდ მაშინ აღარ მივდივართ, თუ რამე გვაწუხებს.მიუხედავად ამისა, ადამიანების ჯერ კიდევ დიდი ნაწილი მაინც მაშინ მიდის ექიმთან, როდესაც უკვე აწუხებს პრობლემა. რა ისეთი სიმპტომებია ძუძუს კიბოს შემთხვევაში, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ივანე კილაძე; საყურადღებო სიმპტომები ძალიან მარტივია და ყველა ქალმა შეიძლება შეამჩნიოს. ეს არის პირველ რიგში მკერდის ასიმეტრია, წარმონაქმნის არსებობა მკერდში, ასევე ძალიან საყურადღებოა პათოლოგიური სისხლიანი გამონადენი, დვრილის ჩაბრუნება ან რომელიმე ადგილზე კანის ჩაბრუნება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კიბო გვაქვს, მაგრამ ძალიან საყურადღებო სიმპტომებია და აუცილებლად დროულად უნდა მივმართოთ ექიმს. დიაგნოზის დასმიდან არის შემდეგი ეტაპი: როცა ხდება წარმონაქმნის აღმოჩენა, იწყება გამოკვლევა. რეალურად. მთავარია ორი რამ. ერთი-დადგინდეს რა ტიპის სიმსივნეა, რისთვისაც კეთდება ბიოფსია, რომელიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ბიოფსია არის აბსოლუტურად უსაფრთხო და აუცილებელი. და მეორე- უნდა გავიგოთ, როგორია დაავადების გავრცელება. შესაბამისად ტარდება ჰისტოლოგიური კვლევა და სიმსივნის გავრცელების მაჩვენებლის დადგენა. ძუძუს კიბოს გარშემო თუ რამე გამოკვლევა არსებობს მსოფლიოში, საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ძალიან კარგია, რომ უკვე წლებია არსებობს სრულიად უფასო პროგრამა-სახელმწიფო სკრინინგი, რომელიც ძუძუს კიბოს ნაადრევად აღმოჩენას ემსახურება. 40 წლის ასაკიდან ყოველწლიური მამოგრაფიული კვლევა არის უფასო ყველა ქალბატონისთვის, სკრინინგ პროგრამის ნაწილია ჩვენი კლინიკაც. ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიკეთოს ეს გამოკვლევა, რათა თავი დაიცვან.

-ფილტვის კიბო კიდევ ერთი დიაგნოზია, რომლისაც ძალიან გვეშინია. საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ ფილტვის კიბოს აღმოჩენა ბოლო სტადიაზე ხდება და მისი განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.რას გვეტყვით ამაზე?

ივანე კილაძე: კიბო განაჩენი არ არის. ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც თუ გადავიყვანთ არააქტიურ ფაზაში, მასთან ერთად წლები შეიძლება ცხოვრება. მსოფლიოში მილიონებით ადამიანი ცხოვრობს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ამ დიაგნოზით. მთავარი სიმსივნის სწორი მართვა. ჩვენს კლინიკასაც აქვს ასეთ პაციენტებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება. არიან პაციენტები, ვინც ათი წლის წინ იმკურნალა და პერიოდულად კონტროლზე დადის. ქვეყანაში უამრავი წარმატებული კლინიკა და ონკოლოგია. შემთხვევები სადაც თითქმის უიმედო ვითარებაა, საბედნიეროდ იშვიათია. რაც 15 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ფილტვის სიმსივნის ბოლო სტადიით 5 წელი ვინმეს ეცოცხლა, ახლა იმუნოთერაპიის ფონზე დაიდო კვლევების შედეგები, რომ პაციენტები უკვე 5 წელიწადზე მეტია ცხოვრობენ ამ დაავადებით. ყველაზე შორსწასულ მდგომარეობაშიც კი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა. ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ექიმისთვის დროულ მიმართვას ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს. ამ თემაზე ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ, საქართველოში უამრავი ბარიერია,მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, ჩვენი პაციენტები იყვნენ ჯანმრთელად, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ან გამოვაჯანმრთელოთ. კიბოს მკურნალობას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება, თუმცა ეს შესაძლებელია.

 -ბატონო ივანე, ვიცით, რომ კოვიდის გამო ჩატარებულმა გამოკვლევებმა ბევრ პაციენტში ადრეული სტადიის ფილტვის კიბო გამოავლინა. საინტერესოა, ხომ არ მოუხდენია კოვიდს კიბოს განვითარების ერთგვარი პროვოცირება, თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა?

 ივანე კილაძე: დიახ, ჩატარებული ტომოგრაფიების შედეგად ბევრ პაციენტთან ადრეული სტადიის, უსიმპტომო ფილტვის სიმსივნე იქნა აღმოჩენილი.რაც შეეხება იმას, მოახდინა თუ არა კოვიდმა რომელიმე პაციენტთან კიბოს განვითარების პროვოცირება, ამ კითხვაზე პასუხებს მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე ამ კუთხით არც საკმარისი კვლევები გვაქვს და არც საკმარისი მონაცემები.

-ზოგადად, როგორ ხდება ფილტვის სიმსივნის მკურნალობა?

ივანე კილაძე: ყველაზე დიდ მიღწევად პირადად მე ის მიმაჩნია, რომ დაინერგა მკურნალობის მულტიპროფილური მეთოდი. საქართველოში ბოლო წლებში ძალიან დიდი ცოდნა დაგროვდა ონკოლოგიაში, თუმცა ონკოლოგიურ პაციენტებს მხოლოდ ონკოლოგები არ მკურნალობენ. მულტიპროფილური მიდგომის ყველაზე მთავარი დადებითი მხარე სწორედ ისაა, რომ ერთ პაციენტს შესაძლოა 15 ან 20 სხვადასხვა პროფილის ექიმი განიხილავდეს და მკურნალობდეს. შესაბამისად, კონსილიუმი წყვეტს, თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა და მკურნალობა ამ კონკრეტულ პაციენტთან. სწორედ ეს არის ის, რასაც შედეგამდე მივყავართ. შედეგი დგება იმის გამოც, რომ უკვე უკეთესი აპარატურა და მედიკამენტები გვაქვს, დაიხვეწა ოპერაციების ტექნიკები. თუმცა მთავარი მაინც ის ცოდნაა, რომელიც ექიმებს აქვთ. ექიმები მუდმივად ჩართული არიან სამედიცინო ცოდნის შეძენის პროცესში, გვაქვს მუდმივი ტრენინგები, მუდმივად ვეცნობით ახალ მიღწევებს, კვლევებს. ცოდნის გარეშე ასეთი შედეგები არ გვექნებოდა.

-მინდა გკითხოთ კომპიუტერული ტომოგრაფიის შესახებ, ასევე ბიოფსიაზე. რატომღაც ითვლება, რომ ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე სპეციალისტია, ვისაც კვლევის შედეგების სწორად წაკითხვა და სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ივანე კილაძე: ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. საქართველოში ძალიან ბევრი უმაღლესი დონის სპეციალისტია, ვისაც შესანიშნავად შეუძლია დიაგნოსტირება და კვლევების შედეგების წაკითხვა. გვყავს გამოცდილი ექიმებიც, ძალიან კარგი ახალგაზრდებიც მოდიან, ასე რომ შეგვიძლია ექიმებს ვენდოთ. სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება ის აზრი, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგების წაკითხვა მარტო რამდენიმე ადამიანს შეუძლია ქვეყანაში. ბევრი მაღალი დონის კლინიკა გვაქვს და მაღალ დონეზეა იქ სერვისები.

-თქვენი ცენტრის მაგალითზე რომ გვითხრათ, არის თუ არა თქვენთან მსოფლიო სტანდარტის სერვისი და თუ ეს ასეა, რატომ ხდება საქართველოდან ამდენი პაციენტის გადინება, როდესაც ონკოპაციენტებზე ვსაუბრობთ?

ივანე კილაძე: დღეს ცალსახაა, რომ საქართველოში ბევრ დარგში ტარდება იმავე ხარისხის მკურნალობა და ისეთივე სირთულის ოპერაციები,როგორც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. თუმცა საზღვარგარეთ წასვლა რატომღაც უფრო დიდ იმედებთან ასოცირდება. მქონია შემთხვევები,როდესაც პაციენტები წასულან თურქეთში ან ისრაელში, მაგრამ იქაურ ფასს ვერ შესწვდომიან და შემდეგ საქართველოში, სახელმწიფოს ხარჯით, სრულიად უფასოდ გაუკეთებიათ ეს ოპერაცია, ჩაუტარებიათ მკურნალობა და წარმატებით დასრულებულა ყველაფერი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო ბიზნესიც, თუმცა ეს ვრცელი თემაა და ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კლინიკა 24 საათი მუშაობს, გვაქვს ონკო-ემერჯენსი სპეციალურად ონკოლოგიური პაციენტებისათვის. აქ ჩატარებულ მკურნალობით „კავკასიის მედიცინის ცენტრს“ ნამდვილად შეუძლია, რომ პაციენტს უპატრონოს და დროულად აღმოუჩინოს ყველა სახის დახმარება, რაც მას შეიძლება დასჭირდეს.