გიორგი მიკუჩაძე გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ ტრავმებისა და მოტეხილობების დროს, სანამ ექიმთან მივალთ -„სტუმრად ექიმთან“

გადაცემის Live

მოტეხილობები, ტრავმები, მათი მოვლა და მკურნალობა, ხალხური მეთოდები და მითები, რომელიც დღემდე აქტუალურია. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ორთოპედ-ტრავმატოლოგმა გიორგი მიკუჩაძემ ისაუბრა.

გიორგი, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მოდით, საუბარი ტრავმების შესახებ დავიწყოთ. როგორ უნდა მივხვდეთ, რამდენად სერიოზულია დაზიანება, არის თუ არა ტკივილი ინდიკატორი იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა?

გიორგი მიკუჩაძე:  ცალსახად საუბარი ამაზე რთულია. დავიწყოთ იქიდან რომ ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში უნდა დამკვიდრდეს კულტურა, რომ მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და სპეციალისტს, ჩავიტაროთ ინსტრუმენტული კვლევა და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი ზუსტი პასუხი მივიღოთ იმაზე, თუ რა დაგვემართა. ტრავმის მიღებიდან რამდენიმე წუთში იწყება ემოციური ფონი. საუკეთესო ინდიკატორი ტრავმის დროს მართლაც ტკივილია. ის გვეუბნება, თუ რამდენად ძლიერია მიღებული ტრავმა. შეიძლება ტრავმის დროს სახეზე იყოს ღია ან დახურული მოტეხილობა. ღია, სისხლმდენი ჭრილობა რასაკვირველია პირდაპირ მიგვანიშნებს რომ ჰოსპიტალიზაცია არის აუცილებელი. ტკივილის ინტენსივობა გვახვედრებს რამდენად მძიმეა დაზიანება, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც უბრალო დაჟეჟილობაც კი ძალიან სტკივა, ისეთი პაციენტებიც მყოლია, ვისაც მოტეხილობა აქვს, მაგრამ ნაკლებად სტკივა. ამიტომ, მხოლოდ ტკივილითაც ვერ ვიმსჯელებთ. რამდენიმე საათის შემდეგ ტრავმის მიღებიდან იწყება უკვე შესივება-შეშუპება. ტკივილი და შეშუპება არის პირველი ორი რამ, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მოტეხილობისას ტკივილის ინტენსივობა უფრო და უფრო იზრდება, ტკივილი არ გადის, დაჟეჟილობის და დაჭიმულობის დროს ეს უფრო სხვანაირად ხდება. საერთო ჯამში, ტრავმის მიღებიდან რაც შეიძლება მალევე უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რომ მან ზუსტად შეაფასოს მდგომარეობა.

საქართველოში ძალიან ხშირად პაციენტები მაინც მოცდას ამჯობინებენ და ამბობენ, რომ დაველოდოთ, იქნებ ეს ნაღრძობია და არა მოტეხილი. იმ შემთხვევაში, თუ საქმე მართლა ნაღრძობთან გვაქვს, შეიძლება თუ არა, რომ სახლში ყოფნით და მოცდით ისე გაიაროს ამ ყველაფერმა

ისე, რომ არც კი დაგვჭირდეს ექიმის ჩართვა?

გიორგი მიკუჩაძე: მყეს-იოგოვანი აპარატის ღრძობა-დაჭიმულობა არანაკლებ საყურადღებო მდგომარეობაა, ვიდრე მოტეხილობა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ტკივილმა ნელ-ნელა იკლოს და გაიაროს, შორეულ პერსპექტივაში ამას შეიძლება მოჰყვეს მთელი რიგი გართულებები, ამიტომ ნაღრძობსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. მყეს-იოგოვანი აპარატის ღრძობა-დაჭიმულობის შემთხვევაში არასრულფასოვნად ნამკურნალევი კიდური დიდი ხნის განმავლობაში ტოვებს ტკივილს. შეიძლება ვიმკურნალოთ სახლის პირობებში, მაგრამ სწორი დიაგნოსტირება ექიმ-სპეციალისტთან აუცილებელია. ასე ზეპირად, სამედიცინო განათლების გარეშე, ადამიანს არ შეუძლია მოახდინოს დიფერენცირება და თქვას, რომ ეს არის ნაღრძობი. შეიძლება მყესი იყოს გაგლეჯილი. ამას ასე ჩვენით ვერ დავადგენთ.

 –როგორც აღნიშნეთ, ტკივილის გარდა ტრავმის სიმძიმის ინდიკატორია შესივებაშეშუპება. არის თუ არა ეს ყოველთვის იმის ნიშანი, რომ სახეზეა მოტეხილობა?

გიორგი მიკუჩაძე: ტკივილისა და შეშუპების გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი მოტეხილობის ამოსაცნობად არის კრეპიტაცია, ანუ გარკვეული ხმაური, ჭრაჭუნის ხმა ძვლიდან. ზოგადად, ძვალს არ გააჩნია ტკივილის რეცეპტორები იმდენად, რამდენადაც რბილ ქსოვილებს. როცა მოტეხილობა არის მრავალფრაგმენტული და სახეზეა შეცილება, ქსოვილების კომპრესია და შიდა წნევა იზრდება და ეს იწვევს ძლიერ ტკივილს. გარდა ამისა, მოტეხილობის დროს კიდური ფორმას იცვლის, ამასაც შეგვიძლია შევხედოთ. მართალია, თუ სახეზეა დეფორმაცია, ისიც შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ შეშუპების ხარჯზე იყოს და არ იყოს იქ რეალურად მოტეხილობა, მაგრამ ამ დროს აუცილებლად, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, რათა არ მოხდეს მკურნალობის დაგვიანება.

  -გიორგი, საინტერესოა რას იტყვით ხალხური მედიცინის შესახებ? საქართველოში გვჩვევია ნებისმიერი დაავადების თუ მდგომარეობის დროს ხალხური მედიცინის საშუალებების გამოყენება და ბუნებრივია ეს ტრავმებსაც ეხება. აქვს თუ არა მას შედეგი და უკუჩვენებები?

გიორგი მიკუჩაძე: ხალხურ მედიცინაზე საუბარი ექიმებს ნამდვილად შეგვიძლია, თუმცა რთულად სასაუბრო თემაა. ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ მკურნალობენ შარდით და უკეთეს შემთხვევაში ბავშვის შარდით, ხალხური მედიცინა აქტუალური პრობლემაა. მინდა აღვნიშნო, რომ ხალხურმა მედიცინამ თავისი სიტყვა უკვე თქვა მაშინ, როცა უნდა ეთქვა, თუმცა მსოფლიო და მედიცინა ვითარდება, ამიტომ დღეს, თანამედროვეობაში საშიშადაც მიმაჩნია მისი პოპულარიზაცია. ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ მედიცინის პროგრესს. ამ საკითხზე ექიმებს არაერთხელ გვისაუბრია. სამწუხაროდ, ხალხურმა მედიცინამ მიიღო დამოუკიდებელი პათოლოგიური სახეები, შემდეგ ეს ყველაფერი ინტერპრეტირდა და იქამდე მივედით, რომ სანამ ჩვენთან მოვლენ, პაციენტები ხშირად თვითნებურ ქმედებებს მიმართავენ. ტრავმების დროს ხშირია სპირტიანი სახვევებით მკურნალობა, რაც არაფრით არ შეიძლება, რადგან ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოებს და ჰემატომა, რომელიც არის, კიდევ უფრო ფართოვდება. ჩვენ, ექიმები, პასუხისმგებელნი ვართ მხოლოდ ჩვენს დასმულ დიაგნოზსა და ჩატარებულ მკურნალობაზე. ის ადამიანები კი, ვინ ეწევიან ხალხური მედიცინით მკურნალობას, არავისთან არ აგებენ პასუხს, მათ შორის არც პაციენტთან. ხშირად მოსულან ჩვენთან პაციენტები, ვინც ხალხური მედიცინით მკურნალობამ ისე დააზიანა, რომ მათი დახმარება შეუძლებელი იყო, ან საჭიროებდა უდიდეს რესურსს, როგორც ფინანსურს, ასევე დროის კუთხით. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევა არსებობს და თითქმის უფასოდ შეიძლება მკურნალობა, ხალხური მედიცინა ადამიანებს ძალიან ძვირად უჯდებათ არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის თვალსაზრისით.

-საინტერესოა, სპირტიანი სახვევების გარდა კიდევ რით მკურნალობენ ადამიანები ტრავმებს თვითნებურად, რისი გაკეთებაც რეალურად არ შეიძლება და მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს?

გიორგი მიკუჩაძე: ჭრილობების დამუშავებაც პრობლემატური თემაა. ადამიანები ჭრილობაზე იყრიან თუთუნს, რომელიც მას აბინძურებს და ხშირია ინფექციის შეჭრა. ასევე ხშირად იყენებენ ზეთებს, მიწის თხილს, კაკალს და ა.შ. რომლებიც რასაკვირველია არ შეიძლება, რადგან ტრავმისას პირველი ჩარევა კრიოთერაპიაა, ანუ ყინულების დადება ადგილობრივად. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის სწორედ კრიოთერაპია,  რომელიც ძალიან ეფექტურია როგორც ტკივილების კუპირების, ასევე ჰემატომის გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით.

-როგორ უნდა გავუწიოთ დაშავებულ ადამიანს პირველი დახმარება იქამდე, ვიდრე ის ექიმამდე მიაღწევდეს? კრიოთერაპიის გარდა კიდევ რა უნდა გაკეთდეს?

გიორგი მიკუჩაძე: სხვათა შორის, ვიდრე უშუალოდ იმაზე ვისაუბრებდეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ დროს, მინდა აღვნიშნო, რომ განვითარებულ ქვეყნებში პირველადი დახმარების გაწევას ადამიანებს მცირე ასაკიდანვე ასწავლიან და ეს ძალიან სწორია. პოლონეთში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ასწავლიდნენ ბაღის გამოსაშვები ჯგუფის ბავშვებს გადაუდებელი დახმარების გაწევას. ევროპაში ეს კულტურის ნაწილია და ეს პრობლემაც თითქმის მოგვარებულია იქ, საქართველოში კი  პრობლემა პრობლემად რჩება და მიმაჩნია, რომ სკოლაში მაინც უნდა ისწავლებოდეს ეს ყველაფერი, თუ არა ბაღში. ამ მხრივ გვქონდა გარკვეული პროექტებიც.

რაც შეეხება უშუალოდ პირველად დახმარებას ტრავმის დროს, პირველი, როგორც ვთქვით კრიოთერაპიაა. გარდა ამისა, საჭიროა დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია. ის უნდა იყოს ანატომიურ, მოსვენებულ მდგომარეობაში. ან შეიძლება ავარჩიოთ ის მდგომარეობა, რომელშიც პაციენტს არ აქვს ან ნაკლებად აქვს ტკივილი. ასეთ პოზაში უნდა მოხდეს მოტეხილობის ფიქსაცია რაიმე მყარი საგნის დახმარებით და შემდეგ უნდა მოხდეს გადახვევა. თუ ადამიანს აქვს ღია, ანუ სისხლმდენი მოტეხილობა, პირველად უნდა მოხდეს კიდურის ფიქსაცია, რადგან შეიძლება რომელიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება მოხდეს. სისხლმდენ ნაწილზე უნდა დაედოს ბინტის კომპრესიული სახვევი, ბამბის გამოყენება არაფრით არ შეიძლება. ამის შემდეგ ორივე სახის მოტეხილობაზე ვიწყებთ კრიოთერაპიას და აუცილებლად მივდივართ ექიმთან.

-საინტერესოა, თუ როდის არის საჭირო ოპერაციული ჩარევა?

გიორგი მიკუჩაძე: ჯერ უნდა დადგინდეს, თუ რა სიღრმის და დონის დაზიანებასთან გვაქვს საქმე. თუ დაზიანებულია კანი, კანქვეშა ქსოვილი, ფასცია, მყესი, კუნთი და ძვალი გატეხილია, ეს არის ღია მოტეხილობა.  შესაძლოა იყოს ქსოვილების დაზიანება, მაგრამ ძვალი გატეხილი არ იყოს და შესაბამისად არ იყოს მოტეხილობა. ბუნებრივია, მოხდება დაზიანებული ქსოვილების ქირურგიული დამუშავება, თუ ძვალია დაზიანებული, ხდება მისი ფიქსაცია სპეციალური აპარატებით და ქირურგიული დამუშავებაც.

-რა არის ყველაზე ხშირი ოპერაცია, რომელსაც ატარებთ და რასთან გაქვთ თითქმის ყოველდღიური შეხება?

გიორგი მიკუჩაძე: ალბათ, ყველაზე ხშირად მაინც ოსტეოპოროზის შემდგომ მოტეხილობებზე ვაკეთებთ ოპერაციებს, ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ყელის მოტეხილობა, ციბრუტებზე გამავალი, ციბრუტქვედა მოტეხილობები. როგორც მოგეხსენებათ, ოსტეოპოროზის დროს ძვალი მყიფე და მტვრევადი ხდება, ეს პროცესი ვითარდება ასაკთან ერთად, ეს ასაკის დაავადებაა, მაგრამ ასაკი განაჩენი არ არის. ჩვენთვის, ექიმებისთვის ასაკი არაა ოპერაციის წინააღმდეგჩვენება. შეიძლება ასეთი იყოს სხვა ქრონიკული დაავადებები, მაგრამ არა ასაკი. გარდა ამისა, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მიღებულ დაზიანებებზე ქირურგიული ჩარევები. ხშირია მენისკის დაზიანება მუხლის სახსარში. თუმცა მარტივმა ფეხის გადაბრუნებამაც შეიძლება გამოიწვიოს მოტეხილობა და ჩარევა გახდეს საჭირო.

-არსებობს თუ არა მედიცინაში ტრავმების დაყოფა რთულად და ძალიან რთულად? რომელი ტრავმა არის ისეთი რთული, სადაც შესაძლოა ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ, მაგალითად კიდურის ამპუტაცია?

გიორგი მიკუჩაძე: დიახ, სამწუხაროდ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე ამპუტაცია ერთადერთი გამოსავალია. შეიძლება, ნერვი იყოს დაზიანებული ისე, რომ შეუძლებელი იყოს მისი აღდგენა, ან ჩარევა იყოს დაგვიანებული, ან უბრალოდ ისეთ ადგილას იყოს დაზიანება, რომ მისი აღმოფხვრა ბოლომდე ვერ მოხერხდეს. ასევე არის ქრაშ- სინდრომი, ანუ ზეწოლის სინდრომი, როცა კიდურზე დიდი ხნის განმავლობაში დაბჯენილი იყო ძალიან დიდი მასა, მაგალითად ნგრევის დროს თუ ნანგრევებში მოჰყვა ადამიანი და დიდი ხანი დასჭირდა მის გამოყვანას. ასეთი ტრავმის მიღების დიდი რისკი აქვთ მაშველებს. ასეთ დროს ოპერაცია რასაკვირველია საჭირო, მაგრამ ძალიან დიდია პოსტოპერაციული გართულებების რისკი. საბედნიეროდ, საქართველოში არიან უმაღლესი დონის სპეციალისტები, რომლებიც საოცრად რთულ ოპერაციებს ატარებენ. მით უმეტეს ჩვენი უფროსი თაობა ისეთ პირობებში ისეთ ოპერაციებს ატარებდა, რომ დარწმუნებული ვარ, სხვები იგივე პირობებში ამას ვერ მოახერხებდნენ.  საბედნიეროდ, დღესდღეობით შესაბამისი ინფრასტრუქტურაც გვაქვს ქვეყანაში და ჩვენთანაც ტარდება თითქმის იმავე სირთულის ოპერაციები, რაც განვითარებულ ქვეყნებში და რაც მთავარია, ტარდება წარმატებით.

-მენისკის დაზიანების შესახებ ხშირად გვსმენია, საინტერესოა რა ტიპის დაზიანებაა ეს და რა ჩარევას საჭიროებს?

გიორგი მიკუჩაძე: მენისკი არის მუხლის სახსარში არსებული ხრტილოვანი შენების ჩანართი, ნახევარმთვარის ფორმის ხრტილი, რომლის ძირითადი ფუნქციაა ამორტიზირება და ბალანსირება, მაგრამ მას ასევე აქვს მგრძნობელობითი და მასტაბილიზირებელი ფუნქცია. ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მენისკის დაზიანება სპორტსმენების პროფესიული ტრავმაა, თუმცა ეს ასე არაა. სამწუხაროდ, მენისკის დაზიანება არც ისე რთულია და ეს ძირითადად ხდება როტაციით, ანუ შემოგრეხით. ძირითადად ეს არის არაპირდაპირი, კომბინირებული ტრავმა, თუმცა შეიძლება პირდაპირიც იყოს.

კიდურის შემობრუნებით, ანუ წვივის და ბარძაყის ურთიერთსაპირისპიროდ შემობრუნებით შეიძლება მივიღოთ ტრავმა და არაა აუცილებელი, რომ ადამიანი დაეცეს. ძირითადად ზიანდება მედიალური მენისკი, რადგან იგი ნაკლებ მოძრავია. მენისკი შეიძლება კიბეზე ჩამოვარდნისასაც დავიზიანოთ, ეს იქნება პირდაპირი დაზიანება. მენისკის დაზიანებას თან სდევს სახსრის ბლოკაჟი, მდგომარეობა, როცა მენისკი თავისი ადგილიდან მოწყვეტილია და შევარდნილია სახსარში. გამოსაკვლევად და იმის დასადგენად, საოპერაციოა ადამიანი თუ არა, ტარდება რამდენიმე კვლევა, მათ შორის ტარდება ექოსკოპია, შემდეგ MRI. მენისკის დაზიანებას თან ახლავს ტკივილი,  ასევე შეშუპება, შესივება, სითხის ჩადგომა. რატომღაც მენისკის დაზიანება ხალხში მხოლოდ სითხის ჩადგომასთან ასოცირდება, არადა პირველ რიგში სახსარში გროვდება სისხლი და ვითარდება ჰემართროზი, იმატებს სინოვიალური სითხე და ეს ყველაფერი იწვევს ტკივილს,უსიამოვნო შეგრძნებას და თუ სახეზეა პროთრუზი ანუ სახსრის ბლოკაჟი, მენისკი აუცილებლად საოპერაციოა. ძირითადად, მენისკი საოპერაციოა ხოლმე. არის გამონაკლისი შემთხვევებიც. დღეს მენისკის ოპერაცია ძალიან მარტივად, ლაპარასკოპიული გზით ტარდება და გაცილებით იოლია, ვიდრე ადრე იყო. შეიძლება მოხდეს მენისკის ნაწილობრივი რეზექცია ანუ ამოჭრა, თუ არაა დიდი მასშტაბის დაზიანება. თუ მენისკის დაზიანებას დროზე არ მივხედავთ, მომავალში ამან შესაძლოა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიწვიოს.

-გიორგი, მინდა გკითხოთ ტკივილის კუპირებაზე. როგორ შეიძლება ეს მოვახერხოთ იმის ფონზე, თუ ეს სერიოზული ტრავმაა, რადგან როგორც ბრძანეთ, სერიოზული ტრავმებისას ტკივილი ინტენსიურია.

გიორგი მიკუჩაძე: როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე აუცილებელია კიდურის ფიქსაცია და კრიოთერაპია,.  ამასთან ერთად, თუ პაციენტზე ნამდვილად ვიცით, რომ არ არის ალერგიული, უნდა გამოვიყენოთ ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი არასტეროიდი, ხშირად საჭირო ხდება ინიექცია. სახლის პირობებში სხვანაირად ვერ მოვიქცევით.

კლინიკის პირობებში კი,კ როცა ხდება პრე-ოპერაციამდელი სწორი ფიქსაცია, ტკივილის ინტენსივობა კლებულობს, კლინიკაში არის საშუალებები, მათ შორის ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შველის ტკვილის. პოსტ-ოპერაციულ პერიოდში რამდენიმე დღე არის ტკივილი, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა იკლებს.

-რა ტიპის რეკომენდაციებს მოგვცემთ მოტეხილი და ნაღრძობი კიდურების შემთხვევაში მაშინ როცა მკურნალობა გრძელდება სახლში? განსაკუთრებით ეს მოზარდებთან არის პრობლემა, რომლებსაც ერთ ადგილზე გაჩერება უჭირთ.

გიორგი მიკუჩაძე: ვიდრე უშუალოდ კითხვას ვუპასუხებ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ოპერაციების მნიშვნელობას მოტეხილობების დროს. თითქმის ყველა მოტეხილობა შეიძლება იყოს შეცილებადი,ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ შეცილება გვიან მოხდეს, ამიტომ ოპერაციულ ჩარევებს ძალიან დიდი როლი აქვს როგორც სწორ ფიქსაციაში, ასევე სარეაბილიტაციო პერიოდის დაჩქარების საქმეშიც. ოპერაციის შემდეგ ხდება პაციენტის დროული რეაბილიტაცია. როდესაც ოპერაციის შემდეგ ტკივილი იკლებს, ორი-სამი კვირაა საჭირო ძირითადად, რომ ადამიანმა შეძლოს დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას. კონსერვატიული მკურნალობის დროს შეიძლება ეს პერიოდი თვენახევარი ან მეტიც გაგრძელდეს. ბუნებრივია ზოგჯერ კონსერვატიული მკურნალობაც ეფექტურია, მაგრამ რაღაც პროცენტში შეიძლება კონსერვატიულად ნამკურნალევი მოტეხილობა რაღაც დროის შემდეგ გაპრობლემდეს და საოპერაციო გახდეს.

რჩევების სახით გეტყვით, რომ პირველ რიგში ტრავმის მიღებისთანავე უნდა მივმართოთ ექიმ-სპეციალისტს, უნდა გვქონდეს ექიმის ნდობა. ექიმთან მისვლამდე პაციენტს უნდა გაეწიოს პირველადი დახმარება, უნდა მოხდეს ფიქსაცია, მივმართოთ კრიოთერაპიას და იმ ღონისძიებებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ მოტეხილობის და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში ტკივილის ინტენსივობა განსხვავდება და შეგვიძლია ვივარაუდოთ გვაქვს თუ არა მოტეხილობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია ჩემი მხრიდან იქნება მოვუწოდო პაციენტებს რომ დაიცვან რეჟიმი. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია, იმ შემთხვევაში თუ ექიმის დანიშნულებას არ შეასრულებს, პაციენტს შესაძლოა გაურთულდეს მდგომარეობა, ამიტომ ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.